წითელი ვერსია
  • 5
  • 11948

ვარიაციები თემაზე -  რა გვითხრა სტოლტენბერგმა

20 მარტი 2024

18 მარტს, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, თბილისს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია, შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს; მედიისთვის კი მოკლე განცხადება გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


სტოლტენბერგმა თქვა, რომ საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ის გახდება ალიანსის წევრი. თავის განცხადებაში ნატო-ს გენერალური მდივანი, ზოგადად, ერთი წინადადებით, ადგილობრივ რეფორმებს და წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.


იენს სტოლტენბერგის თქმით:


„კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ, ნატო-ს მიმართულებით. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ“.


გენერალური მდივნის მკაფიო და მოკლე განცხადება ზოგიერთი მედიისთვის ინსპირაციის და ფართო ინტერპრეტაციის წყაროდ იქცა.


ტვ პირველი“: „კიდევ ერთ გაფრთხილება „ქართულ ოცნებას“: ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! ეს იყო საქართველოში ჩამოსული ნატო-ს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი. სტოლტენბერგმა პირდაპირ თქვა, რომ 2024-ის არჩევნებს დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება და არცერთ გადაცდომაზე თვალს არ დახუჭავს. ოპოზიციისთვის ეს გზავნილი წითელი შუქი და გაფრთხილებაა, რომ თუ საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ჩატარებული არჩევნები ამის წინაპირობა გახდება.“


წამყვანის ამ წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტმა პოლიტიკური სპექტრი გამოკითხა და შეეცადა გაერკვია, ვინ როგორ გაიგო იენს სტოლტენბერგის გზავნილი.


გენერალური მდივნის გამოსვლის ტექსტი მაყურებელს სიუჟეტში არ მოუსმენია.


მოისმინა ის, რაც სტოლტენბერგის ნათქვამის შესახებ გვითხრა ჟურნალისტმა, რომელიც დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ სტოლტენბერგი უკმაყოფილო და წინასწარ გაბრაზებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო:


ჟურნალისტი: „გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით თქვა, რომ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, აუცილებელია გატარდეს რეფორმები, ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და სასამართლო გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან. ეს განცხადება, ფაქტობრივად, არის წითელი შუქი!..


ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამ შემთხვევაში, იენს სტოლტენბერგმა, აღნიშნა, რომ ეს წელი საქართველოსთვის იქნება კრიტიკული, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყებს თუ არა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს და ასევე, ქვეყანამ უნდა ჩაატაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები - ეს არის 2024 წლის საპარლამენტო არჩვევნები.“


ფაქტია, რომ არც წითელ შუქზე, არც გამადიდებელ შუშაზე, არც კრიტიკულად მნიშვნელოვან არჩევნებზე, არც კლანურ მმართველობაზე სტოლტენბერგს მედიისათვის არაფერი უთქვამს.


მან გაცილებით მეტი თქვა თურქ სამხედროებთან ერთად გამართული ერთობლივი სწავლებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. თუმცა ნატო-ს გენერალური მდივნის ეს გზავნილები „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში მაყურებელმა ვერ მოისმინა.



ლელა კურდღელაშვილი
  • 5
  • 11948
0 Comments