წითელი ვერსია
  • 3
  • 3057

უშუქობის გაშუქება „მთავარზე“

17 ნოემბერი 2020

ოპოზიციური ტელემედია საზოგადოების რადიკალიზაციას და მასში საპროტესტო განწყობის გაღვივებას ხშირად სოციალური თემებით მანიპულირების გზით ცდილობს. ანტისახელისუფლებო პროპაგანდით გამორჩეულ მედიასაშუალებებში რთულია მოიძებნოს სოციალურ თემაზე მომზადებული სიუჟეტი, რომელიც პოლიტიკურ სარჩულს არ იქნება მორგებული. ამასთან, შესაძლოა, მაყურებელმა მასში ვერც საკმარისი მტკიცებულებები იპოვოს და ვერც დამაჯერებელი არგუმენტები მოისმინოს, თუმცა აუდიტორიის ნაწილს უიმედობისა და უმწეობის განცდა მაინც დაეუფლება.


სწორედ ასეთი ინფორმაცია გავიდა 16 ნოემბერს, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც მაყურებელს მტკიცებითი ტონით გამოუცხადეს, რომ მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, მომატებული ფასის ოდენობა კი დეკემბერში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სხდომაზე განისაზღვრება.


საზოგადოებისთვის არასახარბიელო ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ჟურნალისტი, მეტი დამაჯერებლობისთვის, ენერგეტიკოსებსა და ეკონომისტებს იშველიებს და მათზე დაყრდნობით მაყურებელს არწმუნებს, რომ „დენის ტარიფის მატება გარდაუვალია“, ამის მიზეზი კი „გაძვირებული იმპორტირებული პროდუქტები და ლარის გაუფასურებაა“, თუმცა ექსპერტთა კომენტარებში, ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, მაყურებელი მხოლოდ ვარაუდებსა და პროგნოზებს ეცნობა და არა მტკიცებულებებს.


მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი ამ ვარაუდებზე დაყრდნობით თემას უფრო დრამატულს ხდის და ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ პურის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობს, ბოლოს კი არც იმას გამორიცხავს, რომ მოსახლეობა შეიძლება საერთოდ უშუქოდაც დარჩეს:


გაღატაკებულ და კორონაპანდემიით ისედაც უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება დენის გადასახადი... რასაც აუცილებლად მოჰყვება პირველადი დანიშნულების პროდუქტების გაძვირება, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის არის დაბალი სოციალურ ფენისთვის, სავარაუდოდ, აუცილებლად გაძვირდება პური“ - გვატყობნებს ჟურნალისტი და ისევ ენერგეტიკოსებზე დაყრდნობით, მაყურებელს მოვლენების უფრო მძიმე განვითარებისთვის ამზადებს:


„თუკი არ მოხდა ელექტროენერგიაზე ფასის მომატება, კომპანიები ვეღარ შეძლებენ ელექტროენერგიის შესყიდვას... რაც იმას ნიშნავს, რომ არარასებული ენერგეტიკის პირობებში, ქვეყანა შეიძლება უშუქოდ დარჩეს.“


ცხადია, რომ ამგვარი აპოკალიფსური პროგნოზების მიზანი მაყურებელში მომავლის შიშის გაჩენა და მაქსიმალურად ანტისახელისუფლებო განწყობის შექმნაა, რამაც გავლენა უნდა იქონიოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, თუნდაც, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაყურებელი სიუჟეტში მოისმენდა არა მხოლოდ ექსპერტების ვარაუდებს, არამედ უპირველეს ყოვლისა გაეცნობოდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების - სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, გეგმავენ თუ არა ისინი ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართონ მარეგულირებელ კომისიას.


როგორც ჩანს, „მთავარს“ ამ კომპანიებთან დაკავშირება არც კი უცდია. ჟურნალისტმა მაყურებელს მხოლოდ სემეკის მიერ გავრცელებული განცხადება გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიებს ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიუმართავთ.


განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და ასევე, წყალმომარაგების კომპანიებმა კომისიას მიმართეს მიმდინარე წლის ივლისში, 2021-2023 წლებისთვის გეგმიური ტარიფების დადგენის მიზნით, რის საფუძველზეც დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. „კომისია განმარტავს, რომ არც ერთი კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნას...“ - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.



ხათუნა კიღურაძე
  • 3
  • 3057
0 Comments