წითელი ვერსია
  • 0
  • 1622

უხამსი ლექსიკა აუდიოდაფარვის გარეშე

09 ნოემბერი 2021

8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, „მთავარმა არხმა“ და ტვ „პირველმა“ აუდიოდაფარვის გარეშე გაავრცელეს მასალა, სადაც ისმის პატიმართა უცენზურო შეძახილები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით.


კადრებში ჩანს ციხის ერთ-ერთი კორპუსი, სადაც პატიმრები ფანჯრებთან არიან მოახლოებული და მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. თავის მხრივ, ადგილზე მყოფი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები ასევე უცენზურო სიტყვებით მიმართავენ პატიმრებს.


აღსანიშნავია, რომ უხამსი ლექსიკა და ურთიერთშეურაცხმყოფელი შეძახილები მაყურებელმა მოისმინა საინფორმაციო გამოშვებაში მაშინ, როცა ხსენებული მედიასაშუალებები არ გადასცემდნენ გლდანის დაწესებულებასთან განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მასალა ჩანაწერს წარმოადგენდა, იგი საზოგადოებას ორივე ტელეკომპანიამ სრულიად დაუმონტაჟებელი ფორმით მიაწოდა.


მოგვიანებით, აღნიშნული კადრები აიტვირთა ტვ „პირველისა“ და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ფეისბუკგვერდებზეც, ხოლო ამ უკანასკნელმა კადრები საინფორმაციო გამოშვებაში იდენტური ფორმით ისევ გამოიყენა.


მედიასაშუალებების მიზანი ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ყოფილიყო საზოგადოებისა და ექსპრეზიდენტის მომხრეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილს საფრთხე ემუქრება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი მაუწყებლები, როგორც წესი, აუდიოეფექტით ფარავენ ყველაზე უცენზურო სიტყვებს და ეს არ აზიანებს აუდიტორიის ინფორმირების ხარისხს, რადგან წინა და მომდევნო სიტყვებიდან გამომდინარე სრულიად გასაგებია შეძახილის შინაარსიც, პათოსიც და კონტექსტიც.


შესაბამისად, აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა აშკარად უგულებელყვეს ეთიკური გაშუქების პრინციპი და საზოგადოებას რამდენჯერმე აჩვენეს და მოასმენინეს უხამსი შინაარსის შემცველი მასალა.


ამასთან, კადრების ემოციურად უკიდურესად გამაღიზიანებელი ფორმით ტირაჟირება ამ შემთხვევაში პრობლემურად უნდა ჩაითვალოს იმიტომაც, რომ ამგვარ გაშუქებას შესაძლოა გამოეწვია საპასუხო რეაქცია ექსპრეზიდენტის მომხრეთა შორის და სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 1622
0 Comments