წითელი ვერსია
  • 0
  • 2663

ტვ „პირველის" უცნაური კომპასი

29 მაისი 2021

გეოგრაფიული შეცდომები ქართულ მედიაში არც თუ იშვიათია, თუმცა ტელეკომპანია „პირველი“, რომელიც ამ ფონზეც კი გამოირჩევა ერთი შეხედვით, აბსურდული შეცდომების სიმრავლით, გეოგრაფიას არა მხოლოდ პირდაპირ ეთერში, არამედ ზოგჯერ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებშიც კი დემონსტრაციულად უპასუხისმგებლოდ ეკიდება.


29 მაისს ტვ „პირველის“ მორიგი „მსხვერპლი“ სამხრეთ კორეა აღმოჩნდა, რომლის მმართველადაც ტელეკომპანიამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი წარმოგვიდგინა.


კერძოდ, გამოცემა mirror-ზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდლოეთ კორეაში კორონავირუსის შესაჩერებლად კატებს და მტრედებს დახოცავენ, ტელეკომპანია „პირველმა“ ამგვარი სათაურით გამოაქვეყნა: „კორონავირუსის შესაჩერებლად სამხრეთ კორეაში კატებს და მტრედებს დახოცავენ“.


ტელეკომპანია იქვე აღნიშნავდა: „კიმ ჩენ ინი ირწმუნება, რომ კოვიდ-19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში არ აქვთ და ცხოველების და ფრინველების დახოცვის გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით მიიღეს.“


საგულისხმოა, რომ ფეისბუკმომხმარებლებმა „პირველისგან“ განსხვავებით, დაშვებული შეცდომა მალევე შენიშნეს და კომენტარებში მიუთითეს კიდეც ამის შესახებ, თუმცა, ტელეკომპანიამ შეცდომა ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ორმოციოდე წუთის შემდეგ გამოასწორა და „სამხრეთ კორეა“ „ჩრდილოეთ კორეით“ შეცვალა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2663
0 Comments