წითელი ვერსია
  • 6
  • 2494

ტრანსპორტის გაძვირება და სააბონემენტო სისტემა მედიაში

23 დეკემბერი 2021

22 დეკემბერს ტელემედიამ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ახალი პირობების შესახებ გვიამბო, რომელიც თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ამოქმედდება, თუმცა თემასთან დაკავშირებით ცალკეულმა მედიასაშუალებებმა აუდიტორიამდე უფრო მათთვის სასურველი განწყობა მიიტანეს, ვიდრე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირობებით მოგვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა რამდენიმე კვირის შემდეგ.


სწორედ ამგვარი შეფასების საფუძველს გვაძლევს დაკვირვება თუნდაც ორი ყველაზე რეიტინგული და რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებზე: „მთავარმა არხმა“ და ტელეკომპანია „იმედმა“ 22 დეკემბერს აღნიშნული თემა აშკარად შერჩევითი კონტექსტით გააშუქეს და მაყურებელს არ მისცეს ობიექტური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა.


უფრო კონკრეტულად, დღის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში „მთავარმა არხმა“ აქცენტი ტრანსპორტის გაძვირებასა და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე გააკეთა და სიუჟეტის დასაწყისშივე მაყურებელს აუწყა, რომ „მოქალაქეები თბილისის მერის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მგზავრობის საფასურის გაორმაგებასთან დაკავშირებით, ჯერ დააბნია, შემდეგ კი გააბრაზა: 1 თებერვლიდან 50 თეთრის ნაცვლად მგზავრობა 1 ლარი ეღირება“.


სრულიად განსხვავებული აქცენტით დაიწყო იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც მთელი ყურადღება მუნიციპალურ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემის ამოქმედებას დაეთმო. „1 თებერვლიდან დედაქალაქის მცხოვრებთათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის პირობები იცვლება. სიახლე სააბონემენტო გადახდის პრინციპში მდგომარეობს“, - გვაუწყა ჟურნალისტმა, რომელსაც სიუჟეტში საერთოდ არაფერი უთქვამს მგზავრობის საფასურის ცვლილების შესახებ.


საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ „იმედმა“ მაყურებელს უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა შესთავაზა ახალი სისტემის შესახებ, მთლიანობაში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მსგავსად, „სასურველი“ საინფორმაციო ფონის შექმნას შეეცადა და უგულებელყო ამბის „წამგებიანი“ ასპექტები.


ეს იქიდანაც ჩანს, რომ ჟურნალისტი საერთოდ არაფერს ამბობს ტარიფის ცვლილებაზე, არადა ამის გამო სიუჟეტში ჩაწერილი რესპონდენტებიც კი გამოთქვამენ წუხილს.


მეორე მხრივ, „მთავარი არხის“ სიუჟეტი შეიძლება შევაფასოთ, როგორც თემის გადაჭარბებული პოლიტიზების მცდელობა მაყურებლის ინფორმირების ნაცვლად, რადგან სიუჟეტისთვის დათმობილი დროის ნახევარი ხელისუფლების პოლიტიკურ კრიტიკას და ოპოზიციის კომენტარებს ეთმობა.


შედეგად, საზოგადოებამ, რომელიც სასიცოცხლოდ დაინტერესებულია ჰქონდეს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია ახალ სატარიფო სისტემასთან დაკავშირებით, აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერიდან ამგვარი ინფორმაცია აშკარად ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ცნობები რეალურად სხვა წყაროებიდან უნდა მოიძიოს.


ხათუნა კიღურაძე
  • 6
  • 2494
0 Comments