წითელი ვერსია
  • 7
  • 26529

ტრაგიკული ეპიზოდი ტვ „პირველის“ საახალწლო კურიოზებში

03 იანვარი 2021

საახალწლო ტელეეთერი ყველა ქვეყანაში, ტრადიციულად, სადღესასწაულო გადაცემებით არის გაჯერებული. საახალწლო ფილმების, კონცერტებისა თუ გადაცემების გარდა, ტელეარხები ასევე, როგორც წესი, წლის განმავლობაში მომხდარი კურიოზული შემთხვევების ამსახველ ეპიზოდებსაც აგროვებენ და ერთიან, სახალისო კოლაჟად სთავაზობენ მაყურებელს, თუმცა ნეგატივზე ორიენტირებულ ქართულ მედიაში, როგორც ჩანს, ამ უწყინარი ხასიათის ნაკრებშიც კი შესაძლოა მოხვდეს ადამიანის მძიმე ემოციური რეაქციის ამსახველი კადრები.


სწორედ ეს მოხდა ტვ „პირველის“ ეთერში 31 დეკემბრის საღამოს, როცა ტელეარხმა მაყურებელს საკუთარი „საახალწლო კურიოზები“ შესთავაზა. სამწუთნახევრიან ვიდეოში მეორე „კურიოზად“ შეტანილია გასული წლის ერთ-ერთი მძიმე ამბის - კერძოდ, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ამბავთან დაკავშირებული ეპიზოდი.


„კურიოზში“ ტვ „პირველის“ ჟურნალისტი დაჭრილი გახელაძის დედას ამცნობს, რომ ვრცელდება ინფორმაცია მისი შვილის დაჭრის შესახებ და ეკითხება, რა იცის ამის შესახებ. „რას ამბობთ, არაფერი არ ვიცი მაგის შესახებ, ვინა თქვა, რომ დაჭრილიაო“, - პასუხობს გატაცებული მოქალაქის დედა და ჩართული ტელეკამერების წინ გონებას კარგავს. ცხადია, ეს დიალოგი მეტყველებს, რომ შვილის დაჭრის შესახებ დედამ პირველად სწორედ რეპორტიორისგან შეიტყო.


აშკარაა, რომ ტელეკომპანია „პირველმა“ მგრძნობიარე თემა ჯერ კიდევ სიუჟეტზე მუშაობის დროს უკიდურესად არაპროფესიონალურად და არაეთიკურად გააშუქა, რასაც ადასტურებს თვით ჟურნალისტის რეპლიკაც („ღმერთო, ეს რა დამემართა“), თუმცა რაც კიდევ უფრო უარესია, მომხდარიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ, როცა მომენტის სიმძიმე და უხერხულობა, ტელევიზიის მესვეურებს, სავარაუდოდ, უკეთ უნდა ჰქონოდათ გააზრებული, აღნიშნული ეპიზოდი არც მეტი, არც ნაკლები, საახალწლო კურიოზებში ჩასვეს.


ცნობისთვის - ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა და შესაბამისად, მისი ოჯახის წევრების მძიმე ემოციური მგდომარეობაც ამ დრომდე გრძელდება და არც კოლაჟის ეთერში გასვლის დროს - ანუ ახალი წლის ღამეს იყო დასრულებული. აღსანიშნავია, რომ ეს ისტორია თავად ტვ „პირველსაც“ არაერთხელ გაუშუქებია და ტელევიზიის ხელმძღვანელობა, ალბათ, ამ კონკრეტული ეპიზოდისა და მთლიანად ამბის „არაკურიოზულობასაც“ უნდა ხვდებოდეს.


33 წლის ზაზა გახელაძე, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებია, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მახლობლად ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დაჭრილი ცხინვალის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, შემდეგ კი იზოლატორში გადაიყვანეს.


ზაზა გახელაძის გათავისუფლება ქართულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა როგორც ერგნეთში, ისე ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე, თუმცა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მას უკანონო პატიმრობა დეკემბრის ბოლოს კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 7
  • 26529
1 Comments

ნინო მარიამი

ვაიმე შოკში ვარ,მთავარი არხის მერე თუ რამე გამაოგნებდა არ ვიცოდი.რატომ არ ისჯებიან ასეთი ტელეკომპანიები,ხალხის დაცინვის უფლებას რატომ აძლევენ.ვაიმე სირცხვილი...