წითელი ვერსია
  • 3
  • 4942

ტელე-კინო-ეპატაჟის “დროება”

14 დეკემბერი 2020

ქართულ ოპოზიციურ ტელემედიას ხელისუფლების მიმართ ბრალდებებისა და თავდასხმისთვის საფუძველი და არგუმენტები ხშირად სრულებით არ სჭირდება; მეტიც - არც თუ იშვიათად ისინი ბულინგისა და დევნის გზასაც მიმართავენ, თუმცა თუკი „სამიზნის“ წონასწორობიდან გამოსაყვანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, საქმეში პროვოკაცია და ეპატაჟი ერთვება.


აღნიშნულმა ტენცენციამ განსაკუთრებით მწვავე და ორგანიზებული სახე მას შემდეგ შეიძინა, რაც ოპოზიციამ პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართა და პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში გადავიდა. ამის შედეგად კიდევ უფრო რადიკალური გახდა ოპოზიციური მედიაც, რომელიც აქტიურად ცდილობს ეპატაჟის „ტელეხელოვნების“ „განვითარებასა“ და „დახვეწას“, რაც უმეტესწილად უცენზურო ლექსიკას, შეურაცხყოფას და სხვა ტიპის პროვოკაციებს გულისხმობს.


უხამსი წარმოდგენების სცენა დღემდე ძირითადად უშუალოდ სატელევიზიო სტუდია იყო. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, კონკურენცია დიდია და ოპოზიციური ტელეარხები ახალი მეთოდებისა და ჟანრების ძიებაში არიან.


მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულამ“ და კონკრეტულად, გადაცემა „დროების“ შემოქმედებითმა ჯგუფმა „დაწინაურება“ ერთგვარი „ტელე-კინო-ეპატაჟით“ სცადა და „ფილმის“ გადასაღებად მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე მიავლინა.


13 დეკემბრის „დროებაში“, პარლამენტში მომზადებული სიუჟეტის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ გვამცნო, რომ „დროების“ ჟურნალისტი ამ დღეს იყო „კოვიდქაოსით შეწუხებული გარემოვაჭრეც, უტურისტოდ დარჩენილი ბაკურიანელიც, აგვისტოს ომის პატარა რეზერვისტიც, რომელსაც რუსი მტრად მიაჩნია“ და ა.შ.


შესაბამისად, მაყურებელი სავარაუდოდ ელოდა, რომ სიუჟეტში მოვისმენდით მწვავე კითხვებს ახალარჩეული პარლამენტის წევრების მიმართ ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით. თუმცა, რეალურად აუდიტორიამ არა კრიტიკული ჟურნალისტური პროდუქტი, არამედ შაირის ჟანრში გადაწყვეტილი, პიროვნული შეურაცხყოფის ნიშნებით შეზავებული პოლიტიკური სარკაზმის თუ პერფორმანსის მცდელობა იხილა.


სიუჟეტის ძირითადი ნაწილი შევსებული იყო არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი კითხვებითა და შეძახილებით დეპუტატების მიმართ და ასევე, მათი დევნის კადრებით, თუმცა „კინოს“ საკვანძო სცენა სიუჟეტის ბოლოს განვითარდა, როცა ჟურნალისტი დეპუტატ მამუკა მდინარაძეს დაუპირისპირდა; სცენა იწყება კადრით, სადაც ავტორი ფაქტობრივად, ხელების ქნევით ელაპარაკება დეპუტატს, რომელიც მას მშვიდად უსმენს, თუმცა, მალევე საუბარი ცხარე კამათში, ჟურნალისტის მხრიდან ყვირილში, დაუფარავ აგრესიაში და შენობით მიმართვაში გადაიზარდა.


საბოლოო ჯამში ჟურნალისტმა „კინოს სცენარი“ იმდენად დაძაბა, რომ „მოწინააღმდეგეზე“ ფიზიკური თავდასხმაც არ იქნებოდა გასაკვირი, თუმცა ამ ეტაპზე „სცენარში“ უკვე პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანაშრომლები და „კინოს ავტორის“ კოლეგები - ანუ, სხვა ჟურნალისტები ჩაერივნენ, რომლებიც ამის გამო „ფილმის ტიტრებშიც“ მოხვდნენ, რომლის პათოსიც ასევე სარკასტული იყო.


დაბოლოს, იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ფორმის და ჟანრის ჟურნალისტურ „ნამუშევართან“ გვქონდა რეალურად საქმე სიუჟეტში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულამ” „გაბრაზებული მოქალაქე“ დაარქვა, მკითხველს უკომენტაროდ ვთავაზობთ ჟურნალისტის მიერ დეპუტატ გია ვოლსკის დანახვისას წაკითხული „ლექსის“ (თუ შა(ყ)ირის) ტექსტს:


გია სხვა კაცია,

შინაგანად მაინც ანცია,

დიდთან დიდია,

კაცთან კაცია.

ვინც აქ არ არის,

ყველა ნაცია...



მანანა მჭედლიშვილი
  • 3
  • 4942
0 Comments