წითელი ვერსია
  • 45
  • 7753

სკანდალური ცრუ ინფორმაცია „მთავარ არხზე“

14 თებერვალი 2021

13 თებერვალს, 21:00 საათიან შაბათის „მთავარში“ გამოშვების წამყვანმა მაყურებელს აუწყა, რომ „რუსთავის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც ორი პატიმარია მოკლული“.


მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურში არ დაადასტურეს, ჟურნალისტის განცხადებით, მომხდარის შესახებ „მთავარმა“ „ერთ-ერთი მოკლული პატიმრის“ ოჯახის წევრისგან მაინც გაიგო, რომელმაც არხს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ციხის უსაფრთხოების სამსახურიდან „გვამის ამოსაცნობად დაუკავშირდნენ“.


აღნიშნულ „ინციდენტზე“ დამატებით ინფორმაციის მოსაპოვებლად ტელეკომპანიამ რუსთავში გადამღები ჯგუფიც გააგზავნა, საიდანაც კორესპონდენტი შაბათის „მთავარს“ მალევე ჩაერთო პირდაპირ ეთერში და ამჯერად დაღუპულ პატიმართა რაოდენობა ორიდან სამამდე გაზარდა.


როგორც ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა გვიყვება, მას დაუკავშირდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან და შეატყობინეს, რომ სამი პატიმარი მოკლული იპოვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ამის მიზეზი“ - გვაუწყა კორესპონდენტმა ადგილიდან ჩართვისას, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაციას ინციდენტსა და პატიმრის გარდაცვალებაზე პენიტენციურ სამსახურში უარყოფენ.


„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური მალე საგანგებო განცხადებითაც გამოეხმაურა და ტელეკომპანია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.


უწყების შეფასებით, ინფორმაცია მე-17 (სწორედ ეს ნომერი აქვს მინიჭებული რეალურად რუსთავის საპატიმროს) პენიტენციურ დაწესებულებაში სამი მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ „არის მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“. პენიტენციურმა სამსახურმა, ასევე, მიმართა პატიმრების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

საბოლოო ჯამში „მთავარმა არხმა“ მის მიერ გავრცელებული ცნობის დადასტურება ვერ შეძლო, თუმცა საინფორმაციო გამოშვებებში ამ დრომდე მაყურებლისთვის არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია და არც ბოდიში მოუხდია საზოგადოებისა და იმ ოჯახების წინაშე, რომელთა უახლოესი ადამიანებიც სასჯელს რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან.

ერთადერთი, რაც ამ დრომდე მედიასაშუალებამ შეცვალა ისაა, რომ საკუთარ ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალაში შეიტანა ცნობა პენიტენციური უწყების განცხადების შესახებ.


უნდა აღინიშნოს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაცია ქართულ მედიაში, სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად ვრცელდება, რაც, შესაძლოა, ზოგჯერ ოპერატიულობის მოთხოვნითაც იყოს გამოწვეული, თუმცა ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც ოფიციალურ უწყებაში კატეგორიულად არ ადასტურებენ და რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სენსიტიური, რიგ შემთხვევაში კი, პანიკის საფრთხის შემცველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, მიზანმიმართული და გამიზნული პროვოკაციის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს.


ამ შთაბეჭილებას აძლიერებს ის გარემოებაც, რომ, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, „მთავარი არხის“ ერთადერთი წყარო ამ უმძიმეს შეტყობინების გავრცელების დროს, „გარდაცვლილი პატიმრის მამა“ იყო, რომლის საუბარიც არხმა მაყურებელს მხოლოდ სატელეფონო საუბრის ჩანაწერის სახით წარუდგინა, ხოლო ეკრანზე ამ დროს მაყურებელს არც პიროვნების ფოტო უნახავს და არც რამე სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.


გარდა ამისა, მართალია, გამოშვების წამყვანმა და ჟურნალისტმა აღნიშნეს, რომ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურში არ ადასტურებდნენ, ამის მიუხედავად, ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ, დამაჯერებლები ყოფილიყვნენ და მაყურებელიც დაერწმუნებინათ ინფორმაციის უტყუარობაში.


იმედია, ახლო მომავალში გაირკვევა, გავრცელებული დეზინფორმაცია მხოლოდ „მთავარი არხის“ მიერ დაგეგმილი მედია-პროვოკაცია იყო თუ თავად არხიც შეცდომაში იქნა შეყვანილი ცრუ შეტყობინების საშუალებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში კრიტიკას იმსახურებს ის, რომ უკიდურესად შოკისმომგვრელი ინფორმაცია არხმა მხოლოდ ერთ, გაურკვეველ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, როგორც ფაქტი და არა როგორც ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს.


ხათუნა კიღურაძე
  • 45
  • 7753
0 Comments