წითელი ვერსია
  • 0
  • 5810

სინოფარმისა და სინოვაკის დისკრედიტაციის მცდელობა „მთავარ არხზე“

29 ივნისი 2021

რა საფრთხეებს უქმნის კორონავირუსის „ინდური“ (იგივე „დელტა“) შტამის გლობალური გავრცელება საქართველოს, როგორც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყანას? - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა 28 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში.


„...მომაკვდინებელი დაავადება ბავშვებს და მოზარდებს უტევს. ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ინდური, იგივე ‘დელტა’ შტამი, მოზარდებისთვის არის განსაკუთრებულად სახიფათო...“, - ასე წარუდგინა გამოშვების წამყვანმა მაყურებელს სიუჟეტი სახელწოდებით „ბავშვებისთვის საშიში შტამი“.


სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ინდური შტამი" ყველაზე საშიში იმ ქვეყნების მოსახლეობისთვისაა, სადაც დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუცრელია, თუმცა მთავარი გზავნილი, რომელსაც მაყურებელი სიუჟეტიდან იღებს ისაა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია ინდურ შტამთან" მიმართებით ყველაზე „ნაკლებეფექტური“ ჩინური პრეპარატებით მიმდინარეობს.


„...დაავადების აგრესიული ფორმა საქართველოსთვის მომატებულ რისკს ნიშნავს, რადგან ქვეყანაში ისევ უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა ვაქცინირებულთა რაოდენობა, ჩინური პრეპარატი კი, რომელსაც ხელისუფლება ხალხს სთავაზობს, 'დელტა შტამის' წინააღმდეგ ნაკლებადეფექტურია, თუმცა ქართული ჯანდაცვისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ეკატერინე ტიკარაძე ამტკიცებს, რომ ეპიდემიის დამარცხებას სწორედ ‘სინოვაკითა’ და ‘სინოფარმით’ შეძლებს“ - ასეთა სიუჟეტის პირველი ნაწილის პათოსი, სადაც მაყურებელი, ძირითადად, ქართული ჯანდაცვის სისტემის კრიტიკას ისმენს და ნდობას კარგავს ჩინური პრეპარატების მიმართ, თუმცა, სიუჟეტის მეორე ნაწილში ავტორი თავადვე ეწინააღმდეგება ამ დასკვნებს.


კერძოდ, ჩინური ვაქცინების ნაკლებეფექტიანობაზე საუბრის პარალელურად ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ინდური შტამი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც, ხოლო ყველაზე დიდ საფრთხედ მას შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ. სიუჟეტში ხასგასმულია ისიც, რომ ახალმა შტამმა პრობლემები მაღალი ვაქცინაციის ქვეყნებშიც შექმნა.


ცნობისთვის, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, სადაც ჩინური ვაქცინა არ გამოიყენება. მათ შორისაა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და ა.შ, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვაქცინირებულ ქვეყანაში - ისრაელში, სადაც მოსახლეობა „ფაიზერით“ აიცრა, აცხადებენ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 70% ინდური შტამია, ინფიცირებულთა მესამედი კი აცრილი იყო.


როგორც ვხედავთ, „დელტა“ შტამით (ისევე, როგორც კორონავირუსის ნებისმიერი სხვა შტამით) ინფიცირებას 100%-ით, ფაქტობრივად, ვერც ერთი ვაქცინა ვერ გამორიცხავს, თუმცა აქ ცხადია მნიშვნელობა აქვს პროცენტულ მაჩვენებლებს და იმას, თუ რამდენად მძიმედ, ან პირიქით, მსუბუქად წარიმართება დაავადება ინფიცირებულ პირებში.

ამასთან, საგულისხმოა, რომ მონაცემები უშუალოდ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ეფექტიანობის ზუსტი პროცენტული მაჩვენებლების შესახებ „ინდურ შტამთან" მიმართებაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტიანია კორონავირუსის ყველა შტამის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ მედიაში ასევე გავრცელდა ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინები ნამდვილად რეაგირებენ კოვიდ19-ის ყველა ვარიანტზე, მათ შორის, „ინდურ შტამზე".


მსგავსი საჯარო ცნობების მიუხედავად, „მთავარმა არხმა“ მაყურებელს ინფორმაცია იმგვარად მიაწოდა, რომ თითქოს „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა უსარგებლოა; შესაბამისად, სიუჟეტმა ვაქცინაციის ხელშეწყობის ნაცვლად, პირიქით, შეამცირა პროცესის მიმართ ნდობა, რაც პანდემიის პირობებში მედიის მხრიდან განსაკუთრებული უპასუხისმგებლობაა.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 5810
0 Comments