წითელი ვერსია
  • 4
  • 2374

შეფასებებში გაბნეული ფაქტები

10 აპრილი 2025

10 აპრილს “ტვ პირველის“ 13.00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, ჟურნალისტმა ისაუბრა საფრანგეთის მიერ შესაძლო პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ. მან მაყურებელს ინფორმაცია საკუთარი შეფასებებით გააცნო:


„ახლა, ოლიგარქის გუნდი, როგორც ჩანს, არის სრულ პანიკაში და ეს ხდება მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარმა გალერიმ თქვა, რომ როცა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, საფრანგეთმაც შესაბამისად უნდა იმოქმედოს, თუ ივანიშვილი ფლობს კონკრეტულ აქტივებს ამ ქვეყანაში და ნამდვილად, ივანიშვილს დეკლარაციის თანახმადაც კი, გააჩნია ქონება და აქტივები საფრანგეთში. შესაბამისად, სანქციების დაწესებისთანავე, ეს ყველაფერი გაიყინება და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. სწორედ ამით აიხსნება „ქართული ოცნების“ ისტერიკა, რომელიც შალვა პაპუაშვილმა დაიწყო და გადავიდა პირდაპირ თავდასხმის რეჟიმზე. მისი განცხადებით, ევროპარლამენტარები საბჭოთა პოლიტიკოსები არიან და სწორედ ეს იყო საბჭოთა პოლიტიკა, როდესაც ადამიანების კონფისკაცია ხდებოდა. „ქართული ოცნების“ ლოგიკას თუ გავითვალისწინებთ, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ქვეყანაში დემოკრატია გაანადგუროს, არცერთი ნაბიჯი არ გადადგას ევროკავშირისკენ, წაიყვანოს ქვეყანა რუსეთისკენ, იძალადოს მისმა რეჟიმმა მოქალაქეებზე და ამის სანაცვლოდ პასუხიც არ უნდა მიიღოს დასავლეთიდან. სავარაუდოდ, ახლა უკვე ყველა ხერხს მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი იმისთვის, რომ ოლიგარქის ქონება, როგორც შეუძლია ისე დაიცვას“.


თუ ამ ტექსტში ფაქტებს და შეფასებებს გავმიჯნავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:


ფაქტები:


მიხაელ გალერიმ თქვა: „თუ არ მეშლება, ის [ივანიშვილი] ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული“.


შალვა პაპუაშვილმა დაწერა: „საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო. არადა, კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო“.


ჟურნალისტის ფრაზები - „ოლიგარქის გუნდი, როგორც ჩანს არის სრულ პანიკაში“, „ამით აიხსნება ქართული ოცნების ისტერიკა, რომელიც შალვა პაპუაშვილმა დაიწყო და გადავიდა თავდასხმის რეჟიმზე,“ „ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ქვეყანაში დემოკრატია გაანადგუროს, არცერთი ნაბიჯი არ გადადგას ევროკავშირისკენ, წაიყვანოს ქვეყანა რუსეთისკენ, იძალადოს მისმა რეჟიმმა მოქალაქეებზე და ამის სანაცვლოდ პასუხიც არ უნდა მიიღოს დასავლეთიდან. სავარაუდოდ, ახლა ყველა ხერხს მიმართავს ივანიშვილის რეჟიმი იმისთვის, რომ ოლიგარქის ქონება, როგორც შეუძლია ისე დაიცვას“ - არის შეფასებები, რომელიც არ არის გამიჯნული ფაქტებისგან.


ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.


და ბოლოს, ჟურნალისტის ამ მონოლოგში დარღვეულია სიზუსტეც;


ჟურნალისტი ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარები საბჭოთა პოლიტიკოსები არიან და სწორედ ეს იყო საბჭოთა პოლიტიკა, როდესაც ადამიანების კონფისკაცია ხდებოდა.


სინამდვილეში, შალვა პაპუაშვილმა დაწერა: „საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო“.


მედიაკრიტიკა
  • 4
  • 2374
0 Comments