წითელი ვერსია
  • 10
  • 8830

შექსპირის მოყვარულთა საზოგადოება „ფორმულაზე“

01 მარტი 2024

29 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ეთერში ჟურნალისტ სარა მონტეგიუს შეკითხვებს უპასუხა.


ინტერვიუ ქართული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. გადაცემა "ფორმულას დღის" ჟურნალისტმა მაყურებელს პრეზიდენტის HARDtalk-ში მონაწილეობის შესახებ ერთგვარი მიმოხილვა შესთავაზა.


მისი თქმით, "გადაცემის წამყვანის, სარა მონტეგი-კაპულეტისას ჩაკითხვები იყო ..."


დიახ, სარა მ ო ნ ტ ე გ ი - კ ა პ უ ლ ე ტ ი ს ა.. სწორედ ასე მოიხსენია "ფორმულას" წამყვანმა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი სარა მონტეგიუ.


ალბათ ვერასდროს გავიგებთ, რატომ გაახსენდა "ფორმულას" შექსპირის ტრაგედია, ან როგორ დაუკავშირეს ორი მოსისხლე გვარი BBC-ის HARDtalk-ის წამყვანს..


და რადგან ეს საკითხი ლოგიკური მსჯელობის მიღმაა, მოდი დავრჩეთ ჟანრში და ვნახოთ, როგორი იქნებოდა ვერონელი დიდგვაროვანი რაინდის კითხვები ივერიის სამეფოს ამირსპასალარისადმი:


პრინც მიქაელზე მარქვით რამე, შევცქერით მარშებს,
ხელს აწერთ გრაგნილს, რომ თვინიერ დილეგში დარჩეს?


ყოველ ცისმარე წყება-წყება მოგვდის უსტარი,
რომ შხამი ასვეს, არ უწყიან, რომ არს უკვდავი.


თუმცა კი გმინავს, ო, აგრერიგ სიცოცხლეს მიჯობს,
მივბრუნდე ფაზისს და მესაზღვრე გუშაგს ვეღრიჯო.


შიკრიკ მაკფოლის მუხლმოდრეკით უთქვამს ვედრება,
რომ თუკი პრინცმა ლაზარეთში დალია სული,
ივერთ დიდება ნაცარივით გაცამტვერდება,
არ მენახოსო რუსთა მეფე გამარჯვებული.


ხოლო პასუხად ივერთ დედოფალს დასავლეთისკენ
უქნია პირი, მეწამული საცხი რომ სცხია
და მონტეგის თუ კაპულეტის მწარე კითხვანი
სააჯო კარის მდივანბეგთან გადაუსვრია.


ეს ყველაფერი ცალი ყურით ესმოდა კაპულეტების საოჯახო აკლდამაში მძინარე ჯულიეტას და გამდელისთვის დაუბარებია, ვერონელი მონტეგის ვაჟს გადაეცით, აღარ გამაღვიძოსო!


თუთა ჯგუშია
  • 10
  • 8830
0 Comments