წითელი ვერსია
  • 4
  • 2526

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ტვ „პირველზე“

04 ოქტომბერი 2021

არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები და რეკომენდაციები, რის შესახებაც საზოგადოების ინფორმირებას, ძირითადად, მედია უზრუნველყოფს.


შესაბამისად, მაყურებელიც მედიისგან სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მოლოდინშია, თუმცა ამის მიუხედავად, შესაძლოა, ინფორმაცია მან ნაწილობრივ, შერჩევითად და არასწორი კონტექსტით მიიღოს.


სწორედ ამის მაგალითი ვიხილეთ 3 ოქტომბერს, ტვ „პირველის“ 20:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოს, კონგრესისა და ევროპარლამენტარების გამოხმაურებები „უმწვავეს შეფასებებად“ წარმოგვიდგინეს, რასაც თან ერთვოდა საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურ მხარეებს შორის მომხდარი დაპირისპირების კადრებიც.


„ძალადობა, დაშინება, ზეწოლა, ტერორი - პოლიტიკურ დეპრესიაში მყოფ ‘ქართულ ოცნებას’ გზად საერთაშორისო დამკვირვებლების უმწვავესი შეფასებები დაეწია“ , - ასე წარადგინეს სიუჟეტი გამოშვების წამყვანებმა, რომელიც აგებული იყო მხოლოდ იმ შენიშვნებზე, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა პოზიტიური შეფასებების პარალელურად ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს.


მაგალითად, სიუჟეტში შემოგვთავაზეს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის განცხადების ნაწილი, სადაც იგი საუბრობს გავრცელებულ ბრალდებებზე, რომლებიც უკავშირდება ხმების მოსყიდვას, დაშინებასა და ზეწოლას, რის შემდეგაც იონსონი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის ამომრჩეველს ხმა მისცეს თავისუფალ გარემოში.


გარდა ამისა, ტვ „პირველის“ სიუჟეტში მოხვდა იონსონის კიდევ ერთი კრიტიკული შენიშვნაც იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო კამპანიაში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების მხრიდან ჩართულობას, რამაც მმართველ პარტიას არასათანადო უპირატესობა მისცა.


ამ შენიშვნების ფონზე ჟურნალისტი ცდილობს მაყურებელი დაარწმუნოს, რომ საერთშორისო დამკვირვებლების შეფასებები და გამოხმაურება არჩევნებთან დაკავშირებით უკიდურესად ნეგატიურია, თუმცა რეალურად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ხმის მიცემა წარიმართა მშვიდ და წყნარ გარემოში“, ხოლო „კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში შეძლეს“.


იონსონმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნები, ზოგადად, კარგად მართული იყო და ხმის მიცემის პროცედურაც გამჭვირვალედ შეაფასა, თუმცა ეს ფრაზები ტვ „პირველის“ სიუჟეტში ვერ მოხვდა, რის შედეგადაც, მაყურებელმა ცალმხრივი და ტენდენციურად ინტერპრეტირებული ინფორმაცია მიიღო.


საგულისხმოა, რომ ამგვარი არასრული და მიკერძოებული ინფორმირების მიზეზი შესაძლოა ისევ ალბერტ იონსონის სიტყვებში ვიპოვოთ, რომელმაც პრესკონფერენციაზე ქართულ მედიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი მკვეთრად პოლარიზებული იყო:


„ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება, ასევე, გაშუქება იყო მიკერძოებული, რამაც, მოგვიანებით, შეზღუდა ამომრჩევლის შესაძლებლობა, გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევნი“ - განაცხადა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.


ხათუნა კიღურაძე
  • 4
  • 2526
0 Comments