წითელი ვერსია
  • 6
  • 9382

სააკაშვილის საქმე - ცალმხრივი ინფორმაცია „იმედზე“

02 აპრილი 2022

2 აპრილს ტელეკომპანია „იმედმა“ 17 საათის გამოშვებაში მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.


თემა გაშუქდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის კომენტარით წინა დღეს გამართული ბრიფინგიდან (ციტატა): „სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა“;


ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, რომელმაც აღნიშნა: „სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასა და მკურნალობაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს, და ამ მიმართულებით, დეზინფორმაციული კამპანია წარმოებდა“.


გამოშვების წამყვანს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ 1 აპრილს საღამოს გამოეხმაურნენ თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები.


ადვოკატის განმარტებით, საქმე ეხება ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობის პერიოდში, მისი სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ მოთხოვნას, დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. მასში მითითებული იყო, რომ მოგვიანებით სააკაშვილს უნდა წარედგინა საჩივარი. იმის გამო, რომ ის გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ადვოკატის თქმით, მათ თავად მიმართეს ევროსასამართლოს წერილით და აცნობეს, რომ საჩივარს აღარ გაგზავნიდნენ.


მოგვიანებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ევროსასამართლოსადმი მიწერილი წერილიც დაურთო. მისი თქმით, მთავარ მიზანს - კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების წყალობით მიაღწია.


„ამის შემდეგ, 2021 წლის 7 დეკემბერს, წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ. სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე, რაზეც მეტყველებს საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა..“ - წერს სააკაშვილი.


რომელ ვერსიას დაუჯერებს, მაყურებლის არჩევანია.


სააკაშვილის საქმე სტრასბურგში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და შესაბამისად, აუდიტორიას ორივე მხარის არგუმენტები უნდა მოესმინა, რისი საშუალებაც ტელეკომპანია „იმედმა“ არ მისცა.



ფოტო coe.int


ნატა მინდელი
  • 6
  • 9382
0 Comments