წითელი ვერსია
  • 8
  • 6585

რუსების „შემოსევა“ და მდუმარე მაუწყებლები

24 სექტემბერი 2022

ორი დღეა, საინფორმაციო საშუალებები და სოციალური მედია აჭრელებულია რუსეთის აეროპორტებში/ სახმელეთო საზღვრებზე მოქალაქეთა უზარმაზარი რიგების ამსახველი კადრებით.


პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ომში გაწვევისგან თავდასაღწევად რუსეთიდან ემიგრაციის ახალი, მასშტაბური ტალღა აგორდა. მისი დანიშნულების ერთ-ერთი ადგილი კი საქართველო გახდა.


რუსული მედიის ინფორმაციით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან წარმოქმნილია რამდენიმეკილომეტრიანი საცობები; 2000-მდე მსუბუქი ავტომობილი თავის რიგს ელოდება. ემიგრანტების დიდ ნაწილს საქართველოს საზღვრის გადმოსაკვეთად 18-საათიანი ლოდინიც კი დასჭირდა. ნაწილმა, დროის ეკონომიის მიზნით, ავტომობილზე უარი თქვა და ადგილობრივი მოსახლეობისგან ველოსიპედები და გადაადგილების სხვა მექანიკური საშუალებები იქირავა.


ქართული საზოგადოების შეშფოთება მრავალრიცხოვანი რუსი ტურისტების სტუმრობის გამო, კიდევ უფრო დამძიმდა (მათ რეალურ რაოდენობაზე უსასრულოდ მიდის დავა, აგერ უკვე მეშვიდე თვეა).


მოსახლეობას აწუხებს ლეგიტიმური კითხვებიც, რამდენად უსაფრთხოა მიგრანტების გაზრდილი ნაკადები ქვეყნისთვის, ან რა გამოწვევების წინაშე დავდგებით ეკონომიკის, თუ საყოფაცხოვრებო დონეზე.


ჰოდა, მოლოდინით, რომ ჟურნალისტების, სულ მცირე, ერთი ჯგუფი მაინც გაეშურებოდა ლარსისკენ, ვითარების ადგილზე შესასწავლად, ხოლო მეორე - მთავრობას კითხვებს დაუსვამდა სამოქმედო გეგმა „ა“-ზე, „ბ“-სა თუ „გ“-ზე,- საზოგადოებრივ მაუწყებელს და ტელეკომპანია „იმედს“ ჩავუჯექი.


მაგრამ ნურას უკაცრავად!


23 სექტემბერს არცერთ საინფორმაციო გამოშვებაში ეს აქტუალური და საჭირბოროტო საკითხი გაკვრითაც კი არ ახსენეს. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის 10-საათიან გამოშვებაში წამყვანმა შეგვატყობინა რუსი ემიგრანტების რაოდენ გრძელი რიგი წარმოიქმნა რუსეთ-ფინეთის საზღვართან, თუმცა, საკუთარი ქვეყანა რატომღაც გამორჩა.


სამაგიეროდ,


ორივე არხი მთელი დღის განმავლობაში ენთუზიაზმით აშუქებდა (სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად): - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, მოფარიკავეთა გამარჯვებას, მაესტრო საბატინის ვიზიტს საქართველოში, სპექტაკლს თუ „რა სევდაა ხეივნის ბოლოს“, კრწანისის ქუჩაზე მორიგი წყლის მილის შეცვლას, წყალმომარაგების კომპანიასა და ერთ-ერთი ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, ტყის ინვენტარიზაციის ანგარიშს, მაგთის 25-წლიან იუბილეს და თვით თევზის ფესტივალს გურიაში!



ფოტო Global News

ნატა მინდელი
  • 8
  • 6585
0 Comments