წითელი ვერსია
  • 7
  • 20335

რაზე საუბრობდა ოლაფ შოლცი სინამდვილეში?

03 ივნისი 2024

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულმა ტექსტმა ქართული მედიის ერთი ნაწილის დაბნეულობა და შედეგად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია.


პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში, 2 ივნისს დაწერა:


"ოლაფ შოლცმა დღეს განაცხადა: ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული მტრობა და თავდასხმები. ჩვენ სიძულვილის და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია და მათი ხმა უდავოდ უნდა იქნას გაგებული".


სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ელჩის მიერ გავრცელებული ტექსტი თარგმნა და გაავრცელა უკონტექსტოდ. შედეგად, შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, რომელი ქვეყნის შესახებ საუბრობდა ოლაფ შოლცი.


სააგენტო "პუბლიკამ" დაწერა: "გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ თავდასხმებსა და ძალადობას გამოეხმაურა. მისი თქმით, გერმანია მსგავსი ქმედებების მიმართ შეუწყნარებელია. შოლცის კომენტარს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ავრცელებს."


მოგვიანებით "პუბლიკამ" ტექსტი ჩაასწორა.


"ტაბულამ" ინფორმაცია გაავრცელა სათაურით - "შოლცი საქართველოზე: ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ, ხალხის ხმა უნდა იქნეს გაგებული"


ტელეკომპანია "მთავარმა" 9-საათიან გამოშვებაში თქვა: "პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს ეხმაურებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. გერმანიის კანცლერი პირდაპირ ამბობს, რომ ძალადობა და თავდასხმები საქართველოში სულ უფრო თვალშისაცემი ხდება და ისინი მსგავსი ფაქტების მიმართ შეუწყნარებლები იქნებიან. ოლაფ შოლცის ეს განცხადება გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში გაავრცელა."


"ტვ პირველმა" 13-საათიან გამოშვებაში თქვა: „ძალადობაზე ევროპა თვალს არ დახუჭავს. ეს გზავნილი საქართველოს მთავრობამ გერმანიიდან მიიღო. კანცლერი შოლცი პირდაპირ ამბობს, რომ გერმანიას არ ექნება სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ოლაფ შოლცი იყენებს ტერმინს - პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. კანცლერს საქართველოს შესახებ შეკითხვა ეკონომიკურ ფორმუმზე დაუსვეს."


სინამდვილეში,


ოლაფ შოლცი 2 ივნისს საუბრობდა არა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, არამედ ბოლო დღეებში გერმანიაში მომხდარ, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებზე; მათ შორის, ქალაქ აალენში, საარჩევნო შტაბში, დეპუტატზე ძალადობასა და მანჰეიმში თავდასხმაზე, რომელიც ანტიისლამური ჯგუფმა, ავღანეთში დაბადებული იმიგრანტის მეშვეობით მოაწყო.


ფოტო x.com

მედიაკრიტიკა
  • 7
  • 20335
0 Comments