წითელი ვერსია
  • 3
  • 1807

რამდენად ვართ დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიაზე?

26 სექტემბერი 2021

25 სექტმბერს, „მთავარი არხის“ 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს აუწყეს, რომ „საქართველო ენერგეტიკულად ისევ ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებული ხდება“.


სიუჟეტში გვაცნობეს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 171%-ითაა გაზრდილი.


ამ სტატისტიკის საფუძველზე, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება, ჟურნალისტი აცხადებს, რომ „ქვეყნისთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთია“ და აღნიშნავს, რომ თუ 2017 წლიდან მოყოლებული საქართველოსთვის მთავარი ელექტროიმპორტიორი აზერბაიჯანი იყო, 2021 წელს სურათი რადიკალურად შეიცვალა და ენერგოიმპორტში აზერბაიჯანის წილი მხოლოდ 29%-ით განისაზღვრა.


ჟურნალისტის ცნობითვე, საქართველომ რუსეთიდან მილიარდ კვტსთ-ზე მეტი ელექტროენერგია შეიძინა და რუსული ელექტროენერგიის იმპორტის წილი, რომელიც გასულ წლებში 13-დან 35%-მდე მერყეობდა, მიმდინარე წელს 61%-მდე გაიზარდა.


ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ერთგვარ პოლიტიკურ დასკვნას გვთავაზობს - მისი თქმით, „ციფრები ცხადყოფს და ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად კიდევ უფრო უახლოვდება რუსეთს და ახლა მასზე ენერგოდამოკიდებულიც ხდება“.


რეალურად კი, საქართველოში იმპორტის წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში ბოლო წლებში 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენ საჭიროებას ქვეყანა ადგილობრივი გენერაციის წყაროებით უზრუნველყოფს.


შესაბამისად, საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით მთლიანობაში იმპორტზე დიდწილად დამოკიდებული არ არის და ამ სფეროში ვერც რუსეთი ითამაშებს გადამწყვეტ როლს, რადგან იმპორტის დივერსიფიკაციის წყალობით, სახელმწიფო ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდანაც ახორციელებს.


რაც შეეხება 2021 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობისა და, შესაბამისად, რუსეთის წილის ზრდას მთლიან იმპორტში, „მთავარი არხის“ სიუჟეტიდან მაყურებელმა ვერ შეიტყო იმის შესახებ, რომ აღნიშნული ზრდა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენგურჰესის სამი თვით გაჩერებას უკავშირდება, რა დროსაც აფხაზეთში მოხმარებული ელექროენერგიის დასაბალანსებლად რუსეთიდან დამატებითი ელექტროენერგია შემოდიოდა, თუმცა ამ დამატებითი ენერგიის დიდი ნაწილი რუსეთის მიერ იყო სუბსიდირებული და საქართველოს მასში თანხა არ გადაუხდია.


ცნობისთვის, ქვეყნის უდიდესი ელექტროსადგური (ენგურჰესი) 2021 წლის 20 იანვარს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაჩერდა და მუშაობა აპრილის ბოლოს განაახლა.


აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი შეიძლება შევაფასოთ როგორც რუსეთის თემით პოლიტიკური მანიპულაციის მცდელობა, რომელიც არ ემსახურება და არ უზრუნველყოფს საზოგადოების ობიექტურად ინფორმირებას.


ხათუნა კიღურაძე
  • 3
  • 1807
0 Comments