წითელი ვერსია
  • 0
  • 2718

რა წერია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში?

29 აპრილი 2021

საქართველოს შესახებ უცხოურენოვანი დოკუმენტების გაშუქება ქართული ჟურნალისტიკისთვის კვლავ ერთგვარ „ცდუნებად“ რჩება, რადგან მედიასაშუალებები ხშირად საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით „თარგმნიან“ და ზოგჯერ ტოტალურად აყალბებენ კიდეც მათ იმ მიზნით, რომ მაყურებელსა თუ მკითხველს „არასასურველი ინფორმაცია“ დაუმალონ, ხოლო ზოგჯერ დოკუმენტში არარსებული ჩანაწერების „ჩამატებასაც“ არ ერიდებიან.


სწორედ ამგვარი გაშუქების მაგალითი იყო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ანგარიშის „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2021“ (Nations In Transit 2021) გაშუქება.


კერძოდ, ამ ანგარიშის შესახებ მომზადებულ მასალაში ტელეკომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ „ამონარიდს“: „საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რომელიც 10 წლის წინ იყო მაშინ, როცა დღევანდელი მმართველი პარტია ხელისუფლების სათავეში მოვიდა.” (?)


ამასთან, უშუალოდ ინგლისურენოვან, ანუ ტექსტის ორიგინალში, რომლის ბმულიც მასალაშივე არის მითითებული, სულ სხვა რამ წერია და ინგლისური ენის მცოდნე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თავად გამოიტანოს დასკვნა, თუ რა მასშტაბის მანიპულაცია არის განხორციელებული ტექსტის თარგმნისას „მთავარი არხის“ მხრიდან:

Georgia’s democracy score is now close to where it was a decade ago, before the current ruling party rode to power on a wave of public frustration with the increasingly autocratic incumbents.

აღსანიშნავია, რომ „მთავარ არხს“ არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შემოჰყავს 2011 წელი იმ მიზნით, რომ წინა ხელისუფლებას აარიდოს შესაბამისი პასუხისმგებლობა, არამედ საერთოდ არ ახსენებს იმ პრობლემებს, რომლებმაც, ანგარიშის თანახმად, საზოგადოების ფრუსტრაცია გამოიწვია და საბოლოო ჯამში, ქვეყანა ხელისუფლების ცვლილებამდე მიიყვანა.


თარგმანის გაყალბების გარდა, უშუალოდ საინფორმაციო გამოშვებაში „მთავარ არხზე“ ასევე დაფიქსირდა სხვა, შედარებით „მსუბუქი“, თუმცა „სახასიათო“ მანიპულაციებიც;


მაგალითად, 28 აპრილის 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა მაყურებელს აუწყა, რომ საქართველო „იმ ნიშნულზე დავიდა, რა ნიშნულზეც ქვეყანა 10 წლის წინ იყო.“


რეალურად, წლების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკაში, რომელიც თავად ანგარიშშია მოყვანილი, ვხედავთ, რომ 2011 წელს საქართველოს „ქულა“ ფრიდომ ჰაუსის მიხედვით 3,14-ს შეადგენდა, 2021 წელს კი - 3,18-ს. ეს ორი რიცხვი ერთმანეთს, ცხადია, არ უდრის, თუმცა, ამგვარი მათემატიკური „ლაფსუსები“ თარგმანის გაყალბების ფონზე, ალბათ განსაკუთრებულ მოვლენად არც უნდა ჩაითვალოს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2718
0 Comments