წითელი ვერსია
  • 3
  • 2944

რა შევიტყვეთ ომბუდსმენის ანგარიშიდან

22 იანვარი 2020

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენა, რასაც იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს შორის ღია დაპირისპირება მოჰყვა, 21 იანვრის საინფორმაციო გამოშვებებში ერთერთ მთავარ თემად გაშუქდა.


ანგარიში, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა მწვავედ არის შეფასებული, დეპუტატებს ნინო ლომჯარიამ გააცნო. სხდომას თეა წულუკიანიც ესწრებოდა, რომელმაც შენიშვნებს საკუთარი არგუმენტები დაუპირისპირა და სახალხო დამცველის ინსტიტუტი მკაცრად გააკრიტიკა.


„წულუკიანი თვეებს ითვლის“, - ამ სათაურით მოამზადა სიუჟეტი ტელეკომპანია „პირველმა“ თემის გაშუქებისას, რომელიც შეეცადა გაერკვია, დარჩება თუ არა მინისტრი თანამდებობაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.


ომბუდსმენზე „უპრეცენდენტო თავდასხმა“ უწოდა ტელეკომპანია „ფორმულამ“ მინისტრის კრიტიკას. „იერიში იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველზე იმ მწვავე ანგარიშის გამო მიიტანა, რომელიც ციხეში კრიმინალურ სუბკულტურას და არაფორმალურ მმარველობას ავლენს. ამაზე საპასუხოდ წულუკიანმა ლომჯარიაზე შეტევის სტრატეგია აირჩია“, - თქვა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა.


„ხმაურიანი დაპირისპირება პარლამენტში“ – „მთავარი არხის“ სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ „მინისტრმა ომბუდსმენს ღია ცეცხლი გაუხსნა“. „ომი წულუკიანსა და ლომჯარიას შორის სამ საათს გაგრძელდა. ლომჯარიას ნახევარსაათიან მოხსენებას, წულუკიანმა ერთსაათიანი იერიშით უპასუხა“, - აღნიშნულია სიუჟეტში, სადაც ასევე დათვალეს რამდენჯერ კონცენტრირდა მინისტრი საკუთარ „მე“-ზე. არხის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 70-მდე „მე“ წარმოთქვა.


აღნიშნულ არხებზე უარყოფითი შეფასებები მოჰყვა მინისტრის მიერ ციხეში გადაღებული ვიდეოს გასაჯაროებას, სადაც მონიტორინგზე მისულ სახალხო დამცველის წარმომადგენელს, როგორც წულუკიანი აღნიშნავს, პატიმარი ყავას უდუღებს, სიგარეტს სთავაზობს და შოკოლადით უმასპინძლდება. ფრაზები, რომელიც მინისტრის განცხადებებიდან მედიაში ასევე ყველაზე აქტიურად გაშუქდა, ომბუდსმენის წარმომადგენლის „დახეულ ჯინსებს“, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში „გაშენებულ ბოსტანს“ და მის პოლიტიკურ გეგმებს შეეხებოდა.


ამ თემებზე ტელეკომპანია „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტებშიც ისაუბრეს, თუმცა მთლიანობაში, საპარლამენტო კომიტეტში განვითარებული პროცესები ამ არხებზე უფრო სრულად გაშუქდა. „რუსთავი2“-მა სამართლიანად აღნიშნა, რომ „სასჯელაღსრულების სისტემაზე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილი პრობლემები თეა წულუკიანისა და ნინო ლომჯარიას ურთიერთბრალდებებმა გადაფარა“.


სწორედ ურთიერთბრალდებების გაშუქებას დაუთმო მედიამ ძირითადი დრო, რის გამოც მაყურებელმა ვერ შეიტყო, კონკრეტულად რა ეწერა ომბუდსმენის ანგარიშში და რა გამოწვევების წინაშე დგას რეალურად პენიტენციური სისტემა.


ფოტო guria tv

ხათუნა კიღურაძე
  • 3
  • 2944
0 Comments