წითელი ვერსია
  • 4
  • 5061

პოლიტიკური ვიდეორგოლი „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებაში

14 ოქტომბერი 2020

პოლიტიკური პროცესების გააქტიურებისას ქართული მედია, განსაკუთრებით ტელევიზიები, სულ უფრო ღიად და დაუფარავად გამოხატავენ საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებსა და ინტერესებს. შესაბამისად, ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის ფაქტები.


ერთ-ერთი ასეთი, საინფორმაციო ფორმატისთვის სრულიად უჩვეულო შემთხვევა იხილა მაყურებელმა 13 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, რომელიც არა ახალი ამბებით, არამედ მუსიკალური ვიდეორგოლით დაიწყო, რომელშიც აშკარად იკვეთება პარტიული წინასაარჩევნო კლიპის ხასიათი.


„ოთხ წუთში ჩატეული ტრაგიკული მოვლენები. ეს იყო ჯგუფი „ახალი თაობის“ კლიპი, რომელმაც რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი დაიპყრო. ამ ვიდეორგოლით ახალგაზრდები ბოლო დროის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას გამოეხმაურნენ,“ - ასე „ახსნა“ გამოშვების წამყვანმა საინფორმაციო გამოშვების უცნაური დასაწყისი მას შემდეგ, რაც კლიპი უკვე დასრულდა.


რეპის ჟანრში შესრულებული სიმღერა, რომელსაც ლაიტმოტივად ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის ლუკა სირაძის ფრაზა „ამ ცხოვრების დედაც“ გასდევს (რომელსაც კლიპში სხვა ვარიანტითაც - „ამ სისტემის დედაც“ გვთავაზობენ), ერთგვარი მოწოდებაა საზოგადოებისადმი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ.


საქართველო გამოფხიზლდი, მომავალი არ გექნება. ამ ცხოვრების გადამკიდე დედას შვილი არ ეზრდება... გვართმევენ ყველაზე ძვირფასს, ოჯახს, თაობას.. თუკი ასე გაგრძელდება ამ სისტემის დედაც,“ - ეს არის ერთ-ერთი ამონარიდი ტექსტიდან, რომელიც საზოგადოებაში უიმედობის განცდისა და პესიმისტური განწყობის შექმნაზეა ორიენტირებული.


კლიპში ასევე გამოყენებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ფოტოები და დაკრძალვის კადრები, რაც საერთო ფონს კიდევ უფრო ამძიმებს და საზოგადოებაზე ფსიქო-ემოციური ზემოქმედების ფორმას იძენს.


საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კლიპში გამოყენებულია ბოლო პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკურ აქტივობასთან ასოცირებული ლოზუნგები (მაგ.: „გაბედე“), რაც წინასაარჩევნოდ საზოგადოებისადმი დამატებით პროპაგანდისტულ გზავნილად შეიძლება ჩაითვალოს, მთლიანობაში კი ზემოხსენებული ვიდეორგოლის საინფორმაციო გამოშვებაში ჩვენება უდავოდ იმის მანიშნებელია, რომ „მთავარი არხი“ უკვე ფორმალურადაც კი აღარ ცდილობს პროფესიული სტანდარტების დაცვას და ფაქტობრივად, შლის ყოველგვარ საზღვარს პარტიასა და მის მხარდამჭერ მედიასაშუალებას შორის.


დაბოლოს: იქიდან გამომდინარე, რომ „მთავარმა არხმა“ ვიდეორგოლი ფაქტობრივად წარმოადგინა, როგორც არხის ოფიციალური პოზიცია, კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს არა მხოლოდ ეთერში გაშვების ფორმა, არამედ შინაარსიც, რადგან კლიპი უკიდურესად მიკერძოებულად ასახავს ბოლო წლების რეალობას და არაობიექტური დასკვნებისკენ უბიძგებს მაყურებელს.


მაგალითად, კლიპში ასახულია ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მმართველობის დროს მოხდა, თუმცა არაფერია ნათქვამი და ნაჩვენები იმ ტრაგედიებზე, რომლებიც ასევე ბოლო დროის ისტორიაა და წინამორბედი ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს ასახავს.


ხათუნა კიღურაძე
  • 4
  • 5061
0 Comments