წითელი ვერსია
  • 0
  • 4316

პოლიტიკოსის სამედიცინო პერფორმანსი პირდაპირ ეთერში

23 მარტი 2020

23 მარტს „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“, 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირ ეთერში გადასცეს „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის ოფისში ჩატარებული, კორონავირუსის ე.წ. სწრაფი ტესტის პროცედურა. მედდის ფუნქციას გიორგი ვაშაძის თანაშემწე ასრულებდა, რომელსაც, მისივე თქმით, სამედიცინო განათლება აქვს.


ჩართვის განმავლობაში პოლიტიკოსი საუბრობდა ტესტის მუშაობის პრინციპზე და საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტების შემოტანის მნიშვნელობაზე.


ჩართვის დასრულების შემდეგ „მთავარის“ წამყვანმა მაყურებელს აუწყა, რომ ეს იყო "...დემონსტრაცია სწრაფი ტესტისა, რომლის საშუალებითაც, ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, უნდა მოხდეს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება და ეს იქნება ერთადერთი ეფექტური საშუალება კორონავირუსთან საბრძოლველად. იგივე პრაქტიკა, სხვათა შორის, გაიმეორა სამხრეთ კორეამაც“.


„ფორმულამ“ კი პირდაპირი ჩართვის დასასრულს აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძე უკვე რამდენიმე დღეა, საუბრობს ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანაზე და „მან აჩვენა მაყურებელს, თუ როგორ ხდება რამდენიმე წამში სწრაფი ტესტის მეშვეობით კორონავირუსის დადგენა“.


გიორგი ვაშაძის სამედიცინო პერფორმანსი პირდაპირ ეთერში ისე გავიდა, რომ აღნიშნულ ტელეარხებს მაყურებლისთვის არ მიუწოდებიათ ამ ტესტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია; ასევე არ შეუთავაზებიათ მედიკოსების განმარტება და რეკომენდაცია არც ამ ტესტების და არც ზოგადად, ახალი კორონავირუსის გამოკვლევისთვის აუცილებელი სამედიცინო პროცედურების შესახებ.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 4316
1 Comments

დავით ჭეიშვილი

რა ეშველება ამ ტაკიმასხარას??? კაცობს ვითომ...