წითელი ვერსია
  • 5
  • 3653

პავილიონისი ქართულ ტელესივრცეში

25 თებერვალი 2021

რადიკალურად პოლიტიზირებული ქართული ტელემედია, როგორც წესი, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აშუქებს, როცა ეს რეაქცია თანხვედრაშია თავად მედიასაშუალების პოლიტიკურ მიზნებთან და შეხედულებებთან. მიმდინარე კვირაში ეს მიდგომა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის სკანდალური განცხადებების ფონზე.


აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება და მოწოდებები დიალოგისკენ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესს და დაკავების ფაქტს მოჰყვა, უკვე რამდენიმე დღეა წამყვანი თემაა ოპოზიციური ტელემედიის დღის წესრიგში;


თუმცა მაყურებელს გამორჩეულად ალბათ მაინც ლიეტუველი დეპუტატი, სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი დაამახსოვრდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით 20-22 თებერვალს, ნიკანორ მელიას დაკავებამდე ჩამოვიდა და მის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც მივიდა.


ცნობისთვის, პავილიონისმა მელიასთან დაკავშირებულ პროცესებს ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე უწოდა „დიდი შეცდომა“. „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მას „ნავალნისა და პუტინის ისტორიას“ აგონებს, რაც „ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის თვითმკვლელობა იქნება“.


მოგვიანებით, „ტვიტერის“ საშუალებით, პავილიონისმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც მიმართა, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ხელისუფლების „აგრესიულ, ავტოკრატულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე ნიკა მელიას მიმართ“.


ამასთან, მართალია, თავის განცხადებებში პავილიონისი მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობაზეც საუბრობდა, მაგრამ, ძირითადად, მისი განცხადებების ტონი აშკარად მიკერძოებული და კატეგორიული იყო.


თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანდებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“ - განაცხადა ლიეტუველმა დეპუტატმა თბილისში, რამაც განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია, საბოლოო ჯამში კი, ამ და სხვა არადიპლომატიური მოწოდებების გამო პავილიონისს უხერხულობა თავად ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოშიც შეექმნა და 24 თებერვალს იგი სეიმში განმარტებებისთვის დაიბარეს.


ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, პავილიონისმა კი გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს, დაიცვას ერთი მხარე, ხოლო დაადანაშაულოს მეორე“, - განაცხადა სეიმის ვიცე-სპიკერმა იულიუს საბატაუსკასმა.


დეპუტატის ვიზიტს ასევე გამოეხმაურა სეიმის სპიკერი ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი, რომელიც მიიჩნევს, რომ პავილიონისის ნებისმიერი განცხადება, შესაძლოა, ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობების საზიანოდ იქნეს გამოყენებული.


პავილიონისის პოზიცია ლიეტუვის მთავრობისა და სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს“ - ეს უკვე ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და სეიმის ყოფილი წევრის, აუდრიუს ბუტკევიჩიუსის სიტყვებია, რომელმაც ქართულ საზოგადოებას მისი ქვეყნის წარმომადგენლის დამოკიდებულებისთვის პატიება სთხოვა.


მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოპოზიციურ ტელეარხებზე პავილიონისის კრიტიკულ განცხადებებს, რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა საინფორმაციო გამოშვებებში, ლიეტუვის ოფიციალური პირების გამოხმაურება და რეაქცია ამ განცხადებებზე მათთვის საინტერესო აღარ აღმოჩნდა.


ინფორმაცია პავილიონისის სეიმში დაბარებისა და ლიეტუვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ მისი განცხადებების უარყოფითი შეფასების შესახებ „მთავარ არხს“, „ფორმულასა“ და ტვ „პირველს“ არ გაუშუქებია.


მეტიც, 24 თებერვალს ოპოზიციური არხების რამდენიმე ჟურნალისტმა ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გააკრიტიკა და მას ლიეტუველი დეპუტატის უსაფუძვლო დისკრედიტაციის მცდელობაში დასდო ბრალი, თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისი ნამდვილად არის დაბარებული ლიეტუვის სეიმში საქართველოში გაკეთებული განცხადებების თაობაზე განმარტებების მისაცემად, ადასტურებს თავად ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელიც.


ხათუნა კიღურაძე
  • 5
  • 3653
0 Comments