წითელი ვერსია
  • 3
  • 5333

პასუხებიანი შეკითხვები

26 ოქტომბერი 2022

„ოფიციალური ვაშინგტონის კიდევ ერთი გზავნილი ქართულ ოცნებას! ევროკავშირის სტატუსის მიღებამდე ორი თვით ადრე შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთების მიზეზი მმართველი გუნდის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკაა. ეს არის პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები” - ამ წარდგენით დაიწყო „მთავარ არხზე“ 25 ოქტომბრის 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვება გადაცემის წამყვანმა. ჟურნალისტმა კი ვრცლად მიმოიხილა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მიერ გაკეთებული განცხადება, ასევე ოპოზიციის, მმართველი გუნდის და არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური შეფასებებიც.


არც საინფორმაციო გამოშვების წამყვანს და არც ჟურნალისტს არ უთქვამთ, რომ სინამდვილეში, სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართვად შეფასებული განცხადება იყო ნედ პრაისის პასუხი „მთავარი არხის“ ჟურნალისტ დემნა დევდარიანის შეკითხვებზე, რომელიც მან ბრიფინგზე დასვა.


ამ კითხვა-პასუხის სტენოგრამა გამოქვეყნებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, სადაც ასევე გარკვევით წერია, რომ ნედ პრაისის ორშაბათის ბრიფინგი დაიწყო განცხადებით ნიკარაგუას პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისათვის აშშ-ის მიერ კოორდინირებული სანქციების დაწესების შესახებ, რადგან, როგორც პრაისი აცხადებს, ნიკარაგუა ავტორიტარული ქვეყანა გახდა. ამ მიზეზით აშშ-ში შესვლა აეკრძალა ასობით ნიკარაგუელს.


აღნიშნული განცხადების შემდეგ პრაისმა ჩვეულებისამებრ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.


დემნა დევდარიანის მიერ დასმული შეკითხვები, რომლებიც ჟურნალისტის შეხედულებებით არის გაჯერებული, „მთავარი არხის“ გამოშვებაში არ გაშუქებულა. პირველი შეკითხვით ის საქართველოს მოქალაქეების სანქცირების შესაძლებლობას არკვევს, მეორე შეკითხვაში კი პირდაპირ პასუხები იკითხება.


დემნა დევდარიანი: „ორი შეკითხვა მაქვს საქართველოსთვის სანქციებთან დაკავშირებით. იცის თუ არა სახელმწიფო დეპატრამენტმა სანქციების იმ ახალი სიის შესახებ, რომელიც გასულ კვირას დაუწესა ზელენსკიმ ქართველი ოლიგარქის უახლოეს გარემოცვას, საქმიან წრეებს და ოჯახის წევრებს? შეგახსენებთ, რომ ეს ოლიგარქი აკონტროლებდა და ორკესტრირებულად მართავდა ქართულ პოლიტიკას ბოლო 10 წლის განმავლობაში. გქონდათ თუ არა რაღაც ტიპის კონსულტაციები უკრაინელებთან, მაგალითად, სანქციების ან ამ სანქციებში შეყვანილ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით?“


ნედ პრაისი: „ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მოგისმენიათ, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს; ვფიქრობ, მე ეს თქვენთვის აქამდეც მითქვამს – ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან მაშინ, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მის უფრო ფართო ევროპულ მისწრაფებებზე“.


არც ეს კითხვა და არც ამ შეკითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პასუხი „მთავარი არხის“ მაყურებელს არ მოუსმენია.


დემნა დევდარიანი: „თუ გავითვალისწინებთ იმ მილიონობით დოლარს, რომელსაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელები ასხამენ საქართველოს დახმარებაში 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში, რათა ის გახდეს ძლიერი დემოკრატია, რამდენად ხართ შეშფოთებული საქართველოს აშკარად გამოხატული რყევებით რუსეთის ორბიტისკენ? როცა უყურებთ ქართველი დეპუტატების თავდასხმებს აშშ-ის ელჩზე საქართველოში - ეს ისაა, რაზეც უკვე გქონდათ განცხადება, მგონი აგვისტოში, და როცა თქვენ მოგიხდათ თქვენი ელჩის დაცვა ტრიბუნიდან, რაც უპრეცედენტოა 30 წლის დიპლომატიური ურთიერთობის მანძილზე, როცა უყურებთ დეპუტატებს მმართველი პარტიიდან, რომლებიც ლაპარაკობენ შეერთებული შტატების შეთქმულებაზე საქართველოს წინააღმდეგ და იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოს ჩართვას რუსეთთან ახალ ომში, შესაბამისად, ამაზე როგორია თქვენი შეშფოთება, როცა ხედავთ ამ მოვლენებს და ისმენთ მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრის განცხადებას ამ დროის განმავლობაში?"


ამ შეკითხვის პასუხად ნედ პრაისი იმეორებს სახელმწიფო დეპარტამენტის ადრინდელ გზავნილებს და აცხადებს:


ნედ პრაისი: „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება რამდენიმე შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომლებიც, როგორც მოვისმინეთ, გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების გარკვეული კუთხეებიდან. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, შექმნა უკუსვლები. მათ შექმნეს უკუსვლები ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის მკაფიო, უძლეველი სწრაფვისთვის და უფრო ფართოდ ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამ ქმედებების გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად. არის პოლარიზაციის ისეთი დონე, რომელიც არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ყოველივე ამის თქმის შემდეგ, ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის“.


კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურად ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში?“, ნედ პრაისმა აღნიშნა:


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვადარდებს, როდესაც საქმე საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას ეხება, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ, ვიყოთ ქართველის ხალხის, ქართველი საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის პარტნიორი მაშინ, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“.


ამ ამბის გაშუქებისას ჟურნალისტებმა დამალეს, რატომ და რა ვითარებაში გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა აღნიშნული განცხადებები, ნედ პრაისის ნათქვამი კი არაზუსტი შინაარსით გადმოსცეს, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ამბის კონტექსტს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.


ლელა კურდღელაშვილი
  • 3
  • 5333
0 Comments