წითელი ვერსია
  • 5
  • 3390

On.ge და მედიაპროპაგანდა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ

19 თებერვალი 2021

მნიშვნელოვანი სახელისუფლებო ცვლილებებისა თუ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის პრინციპული დაპირისპირების დროს, რიგ მედიასაშუალებებში, რომლებიც შედარებით „მშვიდ პერიოდში“ ობიექტური და მიუკერძოებელი გამშუქებლის სტატუსზე აცხადებენ პრეტენზიას, აშკარად შესამჩნევი ხდება რეალური პოლიტიკური პოზიცია.


მსგავსი გარდასახვის კარგი ინდიკატორი აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა, რის შემდეგაც ზოგიერთი მედიასაშუალება, რომელიც, როგორც წესი, ღიად არ აფიქსირებს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს, ამჯერად არ მორიდებია ეჩვენებინა ფარული პოლიტიკური განწყობა.


ლუსტრაციისთვის საინტერესო მასალაა ინტერნეპორტალ „On.ge“-ზე 18 თებერვალს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „ღარიბაშვილის 10 ციტატა, რომლითაც პრემიერმინისტრობისას თავი დაგვამახსოვრა“.


კომიქსურ ჟანრში მომზადებული სტატია, რომელიც მანიპულაციური ცინიზმითაა გაჯერებული, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ავტორის მიზანი ირაკლი ღარიბაშვილის მაქსიმალური შეურაცხყოფა, დაკნინება და საზოგადოებაში მის მიმართ წინასწარი, ნეგატიური დამოკიდებულების შექმნაა.


ამ პრინციპითვეა შერჩეული ღარიბაშვილის მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში გაკეთებული განცხადებები და კომენტარები, რომლებსაც თან ერთვის ჟურნალისტის ტექსტური რეპლიკები და ვიდეომიმები.


გახსოვთ, როგორ გვეუბნებოდა ივანიშვილი, რომ ღარიბაშვილი ტიპიური კახელი კაცია, თან ‘კინგბოქსისტი’ და ქვეყანას გამოადგებოდა?! და ის გახსოვთ, ამ ქებას ღარიბაშვილი მადლობების კასკადით, რომ პასუხობდა და გვპირდებოდა, ‘ბატონ ბიძინას’ იმედებს არ გავუცრუვებო? თუ არ გახსოვთ, არ იდარდოთ, ჩვენ გაგახსენებთ“ - ვკითხულობთ სტატიის დასაწყისში, რომელიც ერთი შეხედვით მსუბუქად წასაკითხი და „სახალისო“ მასალაა, თუმცა აშკარად შეიცავს პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ, მთლიანობაში, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ემსახურება.


აღსანიშნავია, რომ მე-5 „პუნქტად“ გამოცემა გვთავაზობს ღარიბაშვილის ერთ-ერთ ხუმრობას იმასთან დაკავშირებით, რომ „მეუღლის ნათესავი ნათესავი არ არის“, რის შემდეგაც ვკითხულობთ ავტორის შეფასებას, რომ ღარიბაშვილმა „ამ კახური იუმორით სხდომაზე დეპუტატები კი გაახალისა, მაგრამ ნეტავ ნათესავებთან როგორ ‘გამოისყიდა’ დანაშაული?“


ავტორის მიზანი აქ თითქოს საზოგადოებისთვის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრეტენზიების შეხსენებაა, რომლებიც ოპოზიციურ მედიასაშუალებებში აქტიურად განიხილებოდა ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი გაუგებარია რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს წარმოშობაზე, ანუ კახეთზე არაკორექტული აქცენტების დასმა, რაც მკითხველმა კუთხურ დისკრიმინაციადაც კი შეიძლება აღიქვას.


სამწუხაროა, რომ ასეთი მასალა ქვეყნდება იმ პორტალზე, რომელიც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მომზადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების კვლევაში დადებითად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ „მონიტორინგის პერიოდში On.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. ვებგვერდზე დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები. On.ge-ზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ“.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ On.ge ცხადია არ ყოფილა ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც ღარიბაშვილის კანდიდატურას მკვეთრად ნეგატიური პოლიტიკური პროპაგანდით შეხვდა.


იმავე 18 თებერვალს, ანალოგიური პათოსით მომზადებული ვიდეომასალა შესთავაზა მაყურებელს ტელეკომპანია „ფორმულამ“, ხოლო ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ უშუალოდ ახალი ამბების ფორმატში მომზადებულ სიუჟეტში გამოხატა საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, თუმცა აღნიშნული ტელეკომპანიები არასდროს მოიაზრებოდნენ პოლიტიკურად მიუკერძოებელ მედიასაშუალებებად და მათ შემთხვევაში პროპაგანდის წარმოება განსაკუთრებულ ან გამონაკლის შემთხვევებად ვერ შეფასდება.


ხათუნა კიღურაძე
  • 5
  • 3390
0 Comments