წითელი ვერსია
  • 2
  • 4535

„მთავარი" სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ

21 ივლისი 2020

ქართული მედიის ინტერესის სფერო ძირითადად ქვეყნის შიდა პოლიტიკური, სოციალური თუ კრიმინალური მოვლენებია, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხზე, როგორც წესი, ხელისუფლებისადმი არხის დამოკიდებულების მიხედვით შუქდება და მაყურებელიც ფავორიტ არხს ასევე პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არჩევს, თუმცა, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა გარე საფრთხეების წინაშე დგება?


ფაქტია, რომ ასეთ დროს ინფორმაციის არასწორად გაშუქებამ შესაძლოა მთლიანად სახელმწიფო დააზარალოს და შესაბამისად, დააზარალოს მისი თითოეული მოქალაქე განურჩევლად მათი პოლიტიკური გემოვნებისა.


აქედან გამომდინარე, მედია უნდა ცდილობდეს საგარეო რისკების შემცველი თემები მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში გააშუქოს და გამორიცხოს პროვოკაციის ყოველგვარი საფრთხე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, არა კონკრეტულად ხელისუფლება, არამედ მთლიანად ქვეყანა დააყენოს რისკის ქვეშ.


ამის საშიშროება ნამდვილად იგრძნობოდა „მთავარი არხის“ 20 ივლისის საღამოს საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც რუსულენოვანი აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა.


კერძოდ, სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც, სერბეთმა ოფიციალურ ერევანს თოვუზის რეგიონის დასაბომბი ნაღმსატყორცნები საქართველოს ტერიტორიის გავლით მიაწოდა. ონლაინ სააგენტო წერს, რომ საქართველოს გავლით სომხეთში შეიარაღება ასევე რუსეთიდანაც შევიდა.


მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა თბილისმა ეს ინფორმაცია შეაფასა, როგორც „დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც ბევრ უზუსტობას შეიცავს“, „მთავარი არხი“ მაინც შეეცადა, ეჭვქვეშ დაეყენებინა არა haqqin.az-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არამედ ქართული მხარის პოზიცია.


„საქართველო საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. ბრალდებები ოფიციალური თბილისი მისამართით მძიმე და საგანგაშოა“, - აუწყა გამოშვების წამყვანმა მაყურებელს და იქვე განავრცო, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას საქართველოს სტრატეგიული მეზობელი სომხეთის სასარგებლოდ კრემლთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს, აზერბაიჯანული მედია კი ღიად ამბობს, რომ შეიარაღება და მძიმე ტექნიკა ერევანმა საქართველოს ტერიტორიის გავლით მიიღო“.


აღნიშნულ სიუჟეტში ტელეკომპანია „მთავარი“ მანიპულაციური ხერხებით შეეცადა, haqqin.az-ის მიერ გავრცელებული სტატია თავისი მაყურებლისთვის მიეწოდებინა, როგორც ოფიციალური ბაქოს პოზიცია და ბრალდება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ხოლო ერთი კონკრეტული აზერბაიჯანული სააგენტო მთლიანად აზერბაიჯანულ მედიად წარმოადგინა.


რეალურად, აზერბაიჯანის მთავრობას საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით არავითარი განცხადება არ გაუკეთებია, ხოლო აზერბაიჯანული მედიიდან აღნიშნულის შესახებ მხოლოდ haqqin.az წერს.


საგულისხმოა ისიც, რომ „მთავარი არხი“ ზემოხსენებული აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემით, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს, პირველად დაინტერესდა და დღემდე მისი ინფორმაცია არასდროს გამოუყენებია. შესაბამისად ცხადია, რომ haqqin.az-მა „მთავარი არხის“ ყურადღება მიიქცია არა სანდოობის ან პროფესიონალიზმის გამო, არამედ იმიტომ, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტად მოერგო „მთავარი არხის“ პოლიტიკურ მიზნებს.


დაბოლოს - „მთავარი“ haqqin.az-ის ციტირების გარდა მეტი „დამაჯერებლობისთვის“ სიუჟეტში ასევე აჩვენებს მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს ორი ავტობუსი რომელთაგან ერთ-ერთს ერევანი აწერია. არხის ინფორმაციით, ეს კადრები აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება, კადრების ავტორები კი ამტკიცებენ, რომ რუსი ჯარისკაცები სომხეთის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით სწორედ ამ ავტობუსებით გადადგილდებიან, თუმცა, კადრში არც ჯარისკაცი ჩანს და ისიც გაურკვეველია, საერთოდ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრაობენ ავტობუსები.


ხათუნა კიღურაძე
  • 2
  • 4535
0 Comments