წითელი ვერსია
  • 20
  • 12576

მთავარი არხის „ოცნების დასასრული“

30 ივლისი 2020

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, საქართველოში დღეს ინფორმაციის მთავარ წყაროდ კვლავაც ტელევიზია რჩება. ამ უპირატესობას კი პოლიტიზირებული ტელემედია ხშირად საზოგადოებაში სუბიექტური პოლიტიკური შეხედულებების გავრცელებისთვის იყენებს.


სასურველი განწყობის შექმნას ტელევიზია საინფორმაციო გამოშვებების, ტოკ-შოუებისა და საავტორო გადაცემების საშუალებით ცდილობს, რომლებიც შინაარსობრივად უფრო მეტად მოიცავენ მიმდინარე მოვლენებს და რომლებსაც არხის მაყურებელი ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებს თვალს, თუმცა პოლიტიკური პროპაგანდის ელემენტებს ასევე შეიცავენ რუბრიკები, ერთი შეხედვით, აპოლიტიკური დილისა თუ შუადღის პროგრამებში, იუმორისტულ გადაცემებშიც და ა.შ.


შეიძლება იფიქრო, რომ სულ ეს არის და ამით ამოიწურა იმ ბერკეტების ჩამონათვალი, რითაც მედია საზოგადოებაში მისთვის მისაღები პოლიტიკური შეხედულებების დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა ირკვევა, რომ, მაგალითად, „მთავარი არხი“ მიზნის მისაღწევად უფრო შორსაც კი მიდის. კერძოდ, „პოლიტიკურ საკმაზს“ თარგმნილ სერიალებშიც „ურევს“ და ამ გზით ცდილობს მაყურებლის ქვეცნობიერიც დაიპყროს.


„ოცნების დასასრული“ - ამ სათაურით სთავაზობს არხი მაყურებელს თურქულ სერიალს, საღამოს შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე, რომელიც ამავე არხზეა თარგმნილი.


ინტერნეტში მოიპოვება ინფორმაცია აღნიშნული სერიალის შესახებ, სადაც ადვილი მოსაძებნია მისი დასახელებაც ორიგინალში ანუ თურქულ ენაზე. „İki Dünya Arasında“ - ასე ჰქვია რეალურად სერიალს, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „ორ სამყაროს შორის“.


ცხადია, არ არის აუცილებელი ფილმის სახელწოდება ყოველთვის სიტყვასიტყვით გადაითარგმნოს და თუკი პირდაპირი თარგმანი მოუხერხებელია, არსებობს პრეცედენტები, როცა თარგმნის დროს სახელწოდება იცვლება, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში, რთული გამოსაცნობი არ არის რატომ „ვერ გადაითარგმნა“ ქართულად ორიგინალური დასახელება და რატომ „დაარქვა“ „მთავარმა არხმა“ სერიალს მაინცდამაინც „ოცნების დასასრული“.


ამ შემთხვევაში „მთავარი არხი“ მანიპულაციას მიმართავს და სერიალის დასახელებასაც კი აყალბებს იმისთვის, რომ სასურველი პოლიტიკური გზავნილები საზოგადოებამდე მიიტანოს.


ხათუნა კიღურაძე
  • 20
  • 12576
0 Comments