წითელი ვერსია
  • 5
  • 6496

"მთავარი არხი" და მუდმივი პანიკა

01 აპრილი 2020

კვირას, 29 მარტს „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიამ წარმოადგინა გრაფიკი, რომლის საფუძველზეც ამტკიცებდა, რომ რეალურად, საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით წარმატება არ აქვს, რადგან ვირუსის გავრცელებიდან პირველ თვეში სხვა ქვეყნებს უკეთესი შედეგი ჰქონდათ.


გრაფიკი გაკეთებულია უკონტექსტოდ და მავნებლურად. მაგალითად, გერმანიას კი ჰქონდა 48 შემთხვევა დროის ამ პერიოდში, თუმცა ფრენები დაკეტეს მხოლოდ 18 მარტს, როცა უკვე 12,327 შემთხვევა იყო დაფიქსირებული; ასევე მხოლოდ 13 მარტს შეწყდა სწავლა სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში, მაშინ როცა კორონავირუსით 3,675 ადამიანი იყო ინფიცირებული.


ანალოგიურად საფრანგეთშიც - როცა 3 ათასამდე შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მაშინ დაიწყო, თანაც ეტაპობრივად - ჯერ სკოლების, შემდეგ კაფეების დახურვა; აიკრძალა მასობრივი შეკრებები და 27 მარტს, როცა უკვე 35 000 შემთხვევა დაფიქსირდა, მიიღეს საგანგებო ზომები.


ბრიტანეთის მთავრობას განსაკუთრებით საინტერესო სტრატეგია ჰქონდა, რომელზეც შემდეგ თავადვე თქვა უარი. პრემიერმა ბორის ჯონსონმა ისიც კი აღიარა, რომ შეაცდინეს. ბრიტანელები მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებას აპირებდნენ, შესაბამისად, 10 000 ინფიცირებულზეც კი განაგრძობდნენ მუშაობას.


ეს იმ დროს, როცა საქართველოში პირველივე ინფიცირებულზე შეჩერდა სწავლა, შემდეგ ეტაპობრივად დაიხურა მაღაზიები, ჩაიკეტა მარნეული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ა.შ.


ანუ 50 ინფიცირებულის პირობებში საქართველომ უკვე მიიღო ის ზომები, რაც ამ ქვეყნებმა 10 და 20 ათასი შემთხვევის შემდეგ.


მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში ტურისტების რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, თუ 1 თვეში ჩვენ ასეთი შედეგი გვაქვს, ანუ უფრო მეტი ინფიცირებული, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკეთ მოვახერხეთ აღრიცხვა, ჩაკეტვა და კონტროლი.


P.S. ამ გრაფიკს და ზოგადად კონტექსტს, აკლდა იმ ქვეყნების სია, რომლებშიც კორონავირუსის გავრცელება ზუსტად ჩვენს პერიოდში დაიწყო, ახლა კი ინფიცირებულთა შემთხვევა ბევრად მეტია.


გური სულთანიშვილი
  • 5
  • 6496
0 Comments