წითელი ვერსია
  • 0
  • 4795

მორიგი (მედია)შეტევა ისნის საოლქო კომისიაზე?

20 ნოემბერი 2020

მაყურებლისთვის ინფორმაციის სასურველი სახით მიწოდების მიზნით ქართული ტელეარხები სხვადასხვა ჟანრს მიმართავენ. მაგალითად, ბოლო პერიოდში ოპოზიციურ მედიაში დამკვიდრდა ე.წ. ტელესასამართლო, როგორც პიროვნების დისკრედიტაციის ერთ-ერთი საშუალება.


სწორედ ამ ფორმით გააშუქა ტვ „პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ახალი წევრის, ზაალ ზაალიშვილის არჩევა, რომლის ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ იგი ისნის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი მძიმე დანაშაულის საქმის მოწმეა. შეგახსენებთ, რომ თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა, ხოლო პოლიციამ იმავე დღეს მის გარდაცვალებასთან შესაძლო კავშირის მქონე ორი პირი დააკავა.


აღნიშნულ საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ზემოხსენებულმა მედიასაშუალებებმა 19 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებებში ყოველგვარი დასაბუთების, სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინების გარეშე უკვე გამოაცხადეს ზაალ ზაალიშვილი „ცრუ ჩვენების“ ავტორად, ხოლო სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული ბრალდებულები - „უდანაშაულოდ“.


ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის გარშემო 1-7 ნოემბერს საკმაოდ რთული და ტრაგიკული ისტორია განვითარდა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კვირაში ისნის კომისიასთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციების მონაწილეები კომისიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ და თეატრალიზებულ პერფორმანსებსაც მართავდნენ, არჩევნებიდან ზუსტად ერთ კვირაში კი კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი, სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო პოლიციამ ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და მუქარის ბრალდებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორი პირი დააკავა.


გამოძიების მტკიცებით, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ბრალდებულებმა პოლიტიკური პარტიის სახელით კომისიის თავმჯდომარეს „შესთავაზეს 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა“, უარის მიღების შემდეგ კი მას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ამ საქმის ფარგლებში გამოიკითხა იმ პერიოდში თავმჯდომარის თანაშემწე ზაალ ზაალიშვილიც, რომელმაც გობეჯიშვილის მონათხრობზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობის ხმაურიანი დატოვება შესთავაზეს.


სწორედ აღნიშნული ჩვენება გამოაცხადეს ტვ „პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ „ცრუ ჩვენებად“. ნიშანდობლივია, რომ ცრუ ჩვენება არ არის და არ შეიძლება იყოს, მაგალითად, ჟურნალისტის მოსაზრება ან პოლიტიკოსის შეფასება. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ამ ფაქტორს ხელი არ შეუშლია „მთავარი არხისთვის“ დღის განმავლობაში თემის გაშუქებისას ასეთი ფრაზები გამოეყენებინა: „ცრუ ჩვენების ავტორი ზაალ ზაალიშვილი“; „ჯილდო ცრუ ჩვენების სანაცვლოდ. ადამიანი, რომელმაც ორი უდანაშაულო მეგობრის, გარდაცვლილი გობეჯიშვილის ბავშვობის მეგობრების თავისუფლება შეიწირა, სწორედ ზაალ ზაალიშვილია.


საღამოს გამოშვებაში კი „მთავარმა“ დაასკვნა, რომ: „თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების გახმაურებული საქმის მოწმე გაყალბებული არჩევნების მეორე ტურისთვის სამზადისს უკვე შეუდგა. ახლა მისი, როგორც ცრუ მოწმის ბედი პროკურატურის ხელშია და ის დაწინაურებისა თუ შიშის მოლოდინში ყველა იმ დავალებას შეასრულებს, რასაც ივანიშვილის გუნდი მისცემს“.


„მთავარი არხის“ მსგავსად, 19 ნოემბერს ტვ „პირველის“ „ტელესასამართლომაც“ „დაადგინა“, რომ ზაალიშვილის მონათხრობი „ცრუ ჩვენება“ იყო: „თანამდებობა ყალბი ჩვენების სანაცვლოდ. ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის სიკვდილის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები პროკურატურის ოქროს მოწმეს ბინძურ გარიგებაში ადანაშაულებენ“. საღამოს გამოშვებაში კი „პირველებმა“ ტელეაუდიტორიას თემა პირდაპირ ამ სათაურით წარუდგინა „ცრუ ჩვენება თანამდებობის სანაცვლოდ“.


ამგვარად, კომისიის ახლადარჩეული წევრის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებით გაჯერებული მედია-კამპანია მიმდინარე გამოძიების ფონზე, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაიწყო და რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რა პათოსით და კონტექსტში გაგრძელდება აღნიშნულ ტელეარხებზე უშუალოდ ზაალ ზაალიშვილისა და იმ კომისიის საქმიანობის გაშუქება, რომლის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის გარდაცვალება სწორედ საარჩევნო პერიპეტიებს უკავშირდება.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 4795
0 Comments