წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 5
  • 7290

მორიგი ყალბი სენსაცია „მთავარ არხზე“?

20 აგვისტო 2020

საზოგადოების ერთი ნაწილი მხოლოდ იმ ტელეარხებს უყურებს, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც თანხვედრაშია მათ პოლიტიკურ განწყობებთან. ამ ტიპის მაყურებელი, როგორც წესი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ენდობა კონკრეტულ მედია საშუალებას და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. სოციალურ მედიაში მსგავს მდგომარეობას საინფორმაციო ბუშტი ეწოდება. მაყურებელი კომფორტულად გრძნობს თავს ამ „ბუშტში“, რადგან მხოლოდ შერჩევით, მისი მოსაზრებების მხარდამჭერ ინფორმაციას იღებს.


სამწუხაროდ, მაყურებლის ასეთი დამოკიდებულებით მედიის ნაწილი ხშირად სარგებლობს, რადგან ფაქტობრივად, სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენენ მათ სამიზნე აუდიტორიას, რომლებიც დეზინფორმაციასაც ადვილად იჯერებენ და თავადაც უწყობენ ხელს მის გავრცელებას.


აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინფორმაცია მით უფრო ფართოდ ვრცელდება, რაც უფრო სენსაციური, მხატვრული და თეატრალიზებული ფორმით ხდება მისი მიწოდება. ასეთი ნიუსის მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ „მთავარი არხის“ მორიგი „სენსაციური ექსკლუზივი“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 19 აგვისტოს ღამის შემაჯამებელი გამოშვების გამხსნელი თემა იყო. ინფორმაცია გახმაურებული მკვლელობის საქმეზე „სკანდალურ მიმოწერასა და ახალ მტკიცებულებას“ ეხებოდა.


კერძოდ, საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინეთ, რომ „მთავარ არხს“ „ექსკლუზიურად ხელში ჩაუვარდა ტელეფონი, რომლითაც სკანდალური საქმის „ოქროს მოწმე“ და ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი სარგებლობდა".


„მთავარი არხის“ „წყაროს“ ცნობით, რომელმაც ტელევიზიას ტელეფონი გადასცა, „აღნიშნული აპარატი მოწმეს გამომძიებლებმა მისცეს და ის მხოლოდ ოპერატიული კონტაქტისთვის უნდა გამოეყენებინა. ტელეფონი იმდენად გასაიდუმლოებული კომუნიკაციის საშუალება იყო, რომ ამირხანაშვილს ის სახლშიც კი არ შეჰქონდა, თუმცა დაუდევრობით მან აპარატი დაკარგა,“ - გვაუწყებს გამოშვების წამყვანი.


შემდეგ, როგორც დეტექტიური კინოს ჟანრს შეეფერება, „დაკარგული ტელეფონი“ „მთავარმა არხმა“ იპოვა, უფრო სწორად, როგორც ჟურნალისტი მაყურებელს უყვება, ტელეფონი მათ წყარომ მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა “ცხადია არ ისურვა“. საბოლოოდ, ტელეფონი, როგორც ნივთმტკიცებულება, „მთავარი არხის” ჟურნალისტის ხელში აღმოჩნდა, რომელიც კადრში ხშირად აჩვენებს ამ „გასაიდუმლოებული კომუნიკაციის აპარატს“ და თან აღნიშნავს, რომ მიმოწერა, რომელიც ტელეფონშია, „საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს“.


რაც შეეხება უშუალოდ მიმოწერას, გრაფიკულ სურათზე, სადაც მოკლე ტექსტური შეტყობინებების შინაარსია გამოტანილი, სამ საინტერესო გზავნილს ვაწყდებით: ერთი - „სიცრუის დეტექტორზე არავის დათანხმდე და კაწროს სახელი არავისთან დაგცდეს“, მეორე - „ეგ ტელეფონი კიდე კარგად შეინახე“ და მესამე - „არასრულწლოვნის მამა როა, ხომასურიძის, საიდან იგებს სიმართლეებს, ტელევიზორით, რომ გამოდის...“.

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ „საიდუმლო ტელეფონი“ „მთავარმა არხმა“ საკუთარი ვერსიების გამყარებაში გამოიყენა და მისი საშუალებით საზოგადოებამდე კიდევ ერთხელ მიიტანა ვერსიები და გზავნილები, რომლებიც აქამდე არაერთხელ გაჟღერებულა ამ ტელეკომპანიის ეთერით.


ინფორმაციის მიღების შემდეგ მაყურებელთა უმრავლესობას ალბათ გაუჩნდებოდა კითხვები, თუ როგორ შეიძლებოდა დაეკარგა ამირხანაშვილს „გასაიდუმლოებული კომუნიკაციის საშუალება“, რომელსაც ისე უფრთხილდებოდა, რომ „სახლშიც კი არ შეჰქონდა“, რატომ არ შლიდა წაკითხვის შემდეგ ტექსტურ შეტყობინებებს და რაც მთავარია, როგორ იპოვა შემთხვევით დაკარგული ტელეფონი სწორედ „მთავარი არხის“ წყარომ?


სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები ჯერ-ჯერობით არ არსებობს, რადგან „მთავარ არხს“ შაქარაშვილის საქმის „ოქროს მოწმესთან“ და მისი ექსკლუზივის მთავარ ფიგურანტთან, გური ამირხანაშვილთან დაკავშირება არც კი უცდია.


ხათუნა კიღურაძე
  • 5
  • 7290
0 Comments