წითელი ვერსია
  • 0
  • 3295

მკვლელობის კადრები ტელეეთერებში

26 ივლისი 2021

მძიმე დანაშაულის, მათ შორის მკვლელობის ამსახველი კადრები ქართულ მედიაში, სამწუხაროდ, ერთ-ერთ „რეიტინგულ“ მასალად ითვლება. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორით აიხსნება გასულ შაბათს რამდენიმე ტელემაუწყებლის მიერ ფაქტობრივად, ერთდროულად იმ დანაშაულის ამსახველი კადრების ეთერში გაშვება, რომელშიც ბრალდებული უკვე დაკავებული იყო და შესაბამისად, კადრების გავრცელება ვერც გამოძიების მიმდინარეობაზე იქონიებდა გავლენას და ვერც საზოგადოებრივი ინტერესით იქნებოდა განპირობებული.


ცნობისთვის, 23 ივლისს, სავარაუდოდ, ბიზნესპარტნიორებს შორის ზუგდიდში მომხდარი კონფლიქტი მკვლელობითა და დაჭრით დასრულდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა, დანაშაულის ამსახველი მძიმე კადრები კი, რომელიც, სავარაუდოდ, სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული, მეორე დღესვე მოხვდა რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში. მათმა ნაწილმა ვიდეომასალა სრულად და გრაფიკული დამუშავების გარეშე, ნაწილმა კი მხოლოდ გრაფიკულად დამუშავებული ფორმით გაავრცელა.


საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე ტელეკომპანიამ ვიდეოკადრები ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალად წარადგინა. მაგალითად, ტელეკომპანია „პირველმა“ 15 საათის საინფორმაციო გამოშვება ამგვარად დაიწყო: „გამოშვებას ვიწყებთ ექსკლუზივით. ‘პირველებმა’ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს, როგორ მიდის თავდამსხმელი ზაურ კვიკვინია მსხვერპლთან და შეიარაღებული უსწორდება მსხვერპლ მამა-შვილ ლაგვილავებს.“


გამოშვებაში მაყურებელმა დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა სრულად იხილა: ავტომობილების შეჯახების, ფიზიკური დაპირისპირების, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის და უშუალოდ, დაჭრისა და მკვლელობის ჩათვლით;


ტვ „პირველის“ მასალაში მონაწილეთა სახეები გრაფიკულად დაფარული იყო, თუმცა, თავად ამ გრაფიკული ეფექტის მიზანი ნაწილობრივ გაურკვეველი დარჩა, რამდენადაც საზოგადოებისთვის ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო როგორც ბრალდებულის, ისე მოკლულისა და დაჭრილის ვინაობა.


მკვლელობის კადრებით დაიწყო 15 საათის საინფორმაციო გამოშვება ტელეკომპანია „რუსთავი2“-მაც. ვიდეომასალა ამ მაუწყებელმაც საკუთარ მონაპოვრად წარადგინა: „'კურიერმა' ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის მთავარი მტკიცებულება მოიპოვა".


კადრების ჩვენების პარალელურად ჟურნალისტი დეტალურად აღწერს მომხდარს, ხოლო უშუალოდ ვიდეომასალა ეთერში ორჯერ მეორდება; რაც შეეხება გრაფიკულ დამუშავებას, „კურიერმა“ ერთ-ერთი მონაწილის გამოსახულება გრაფიკულად იმ ფრაგმენტში დაფარა, სადაც იგი სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი იყო.


„კურიერის“ მსგავსად, 15 საათის საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენა ვიდეომასალა „მთავარმა არხმაც“. ტელეკომპანიამ მაყურებელს ეთერში სრულად აჩვენა მძიმე დანაშაულის ამსახველი კადრები, ხოლო მანამდე ვიდეოჩანაწერი ვებგვერდზე განათავსა, სადაც ვკითხულობთ რომ „ზუგდიდში, მამა-შვილის ჩაცხრილვის ექსკლუზიური კადრები ’მთავარმა არხმა’ მოიპოვა.“


17 საათის საინფორმაციო გამოშვებაში მძიმე კადრები იხილა ტელეკომპანია „ფორმულის“ მაყურებელმაც, დღის ბოლოს კი „შაბათის ფორმულაში“ ჟურნალისტის საუბრის პარალელურად მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ყოველგვარი გრაფიკული დამუშავების გარეშე არაერთხელ იქნა ნაჩვენები სტუდიის დიდ ეკრანზე.


აღსანიშნავია, რომ კადრები რამდენიმე მაუწყებლის ტელეეთერში დღის საათებში გავრცელდა, ეს კი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის არაერთი მუხლის პირდაპირი დარღვევაა, რომლებიც ნათლად განსაზღვრავენ ეთერში ძალადობის თუ მკვლელობის ამსახველი მასალის გადაცემის წესებს.


კერძოდ, კოდექსის თანახმად, 24:00 საათამდე ტელეეთერში არ უნდა განთავსდეს ისეთი მასალა, რომელიც შეიცავს „თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით“.


ამავე კოდექსში ნათქვამია, რომ „რეპორტაჟი არ უნდა შეიცავდეს გვამების ან დაჭრილთა ტანჯვის ამსახველ 15 წამზე მეტი ხანგრძლივობის კადრებს“ და ხაზგასმულია ისიც, რომ „დაუშვებელია ძალადობის სენსაციად გადაქცევა.“


როგორც აღვნიშნეთ, ვიდეოკადრები რამდენიმე ტელემაუწყებელმა არაერთხელ გაიმეორა და შესაბამისად, არც კოდექსით დადგენილი 15 წამიანი წესი ყოფილა დაცული.


მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ასევე დაზუსტებულია, რომ ზოგ შემთხვევაში „შესაძლებელია საჭირო იყოს შოკისმომგვრელი მასალის გამოყენება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალზე ფრთხილი ანალიზის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული“.


თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე ტელეკომპანიამ ერთი და იგივე მასალა საკუთარ „ექსკლუზივად“ წარმოგვიდგინა და ფაქტობრივად, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში გაავრცელა, რაც „დასწრების პრინციპით“ მოქმედებაზე მიანიშნებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანს კოდექსით რეკომენდებული „ძალზე ფრთხილი ანალიზი“ ჩაეტარებინა და დაესაბუთებინა, საერთოდ რით იყო განპირობებული აღნიშნული მძიმე ვიდეომასალის გავრცელების აუცილებლობა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 3295
0 Comments