წითელი ვერსია
  • 0
  • 6349

მილიარდნახევარი რუსი ტურისტი „მთავარზე“

15 ოქტომბერი 2020

ქართული ოპოზიური ტელემედია ნებისმიერ კონტაქტს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, როგორც წესი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციად „ფუთავს“. ამგვარ კონტექსტში შუქდება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობებიც.


14 ოქტორმბერს, საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში „მთავარმა არხმა“ მაყურებელს შესთავაზა სიუჟეტი სახელწოდებით „რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა“ და გამოაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა „კაპიტულანტურია“. სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი აღნიშნავს, რომ „საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ ბაზარზე და ამ ფაქტორს კრემლი წარმატებით იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.


რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, ისევე როგორც ზოგადად ტრადიციულ ბაზრებზე დაბრუნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და სწორედ ამ პროგრამით გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. აქედან გამომდინარე, 2012 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაპირებული ზრდა მართლაც დასტურდება, თუმცა, რატომ ნიშნავს ეს ზრდა რუსულ ბაზარზე სრულად დამოკიდებულებას, გაურკვეველია, ისევე, როგორც ის, თუ რა წყაროს და სტატისტიკას ეყრდნობა ავტორი ამ ურთიერთობების მიმოხილვისას.


სიუჟეტში ჟურნალისტი ასევე იხსენებს 2006 წლის ცნობილ ეკონომიკურ ემბარგოს რუსეთის მხრიდან, თუმცა შემდეგ მიმოხილვას პირდაპირ 2012 წლიდან აგრძელებს ისე, რომ შეგნებულად უვლის გვერდს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელებულ საკამათო და სკანდალურ გარიგებებს რუსულ კომპანიებთან ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროებში.


სიუჟეტში ნეგატიურ კონტექსტშია გაშუქებული რუსეთიდან ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობის ზრდაც, თუმცა გარდა საკამათო არგუმენტებისა, აქაც იგნორირებულია ის ფაქტი, რომ რუსი ტურისტების საქართველოში მაქსიმალურად მოზიდვა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებს უკავშირდება. ამისთვის 2010 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ცალმხრივ რეჟიმში გაამარტივა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან .


აღსანიშნავია, რომ ყველაზე „საინტერესო“ ჟურნალისტმა მაყურებელს სწორედ ტურიზმის მიმოხილვისას „ამცნო“: „თუკი 2012 წელს ქვეყანაში რუსეთიდან 410 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიზიტორების ოდენობა 2019 წელს გასამმაგდა და მილიარდ 400 მილიონზე მეტი შეადგინა“.


ცნობისთვის: ოფიციალური წყაროების თანახმად 2019 წელს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში რეალურად შემოვიდა 1 471 558 ვიზიტორი. სწორედ ეს რიცხვია გამოსახული „მთავარი არხის“ სტუდიის მონიტორზეც, თუმცა ჟურნალისტი რუს ტურისტებთან დაკავშირებულ ყველა რიცხვს ათასზე ამრავლებს და ისე აწვდის მაყურებელს. 2012 წლის შემთხვევაში, ნაცვლად 410 ათასისა აცხადებს 410 მილიონს, ხოლო 2019 წლის შემთხვევაში, ნაცვლად მილიონ ოთხასი ათასისა - გვეუბნება, რომ ქვეყანაში მილიარდ ოთხასი მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, რაც თეორიულადაც კი გამორიცხულია თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა სულ 147 მილიონამდე ადამიანი იყო. შესაბამისად, თითოეული მათგანი წლის განმავლობაში საქართველოში ათჯერ მაინც უნდა ჩამოსულიყო, რომ ამგვარი სტატისტიკა მიგვეღო.


ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი მილიონს და მილიარდს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ან ამ რიცხვების წაკითხვა არ შეუძლია. უფრო სავარაუდოა, რომ მეტი ეფექტის მოხდენის მიზნით იგი მიდის შეგნებულ მანიპულაციაზე, რითაც შეცდომაში შეყავს მაყურებელი და ქმნის კურიოზულ ვითარებას.



მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 6349
0 Comments