წითელი ვერსია
  • 0
  • 5503

მელიას ბრალმდებლების ბულინგი ტვ „პირველზე“

21 თებერვალი 2021

გასულ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს პირდაპირ ეთერში მოუწოდა სახელმწიფოს წარმომადგენლების ბულინგისკენ და განაცხადა, რომ „უნდა მივიდეთ მათ სახლებში“.


ალბათ, სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ ის, რომ ტელეკომპანია „პირველმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორებს სწორედ სახლებში მიაკითხა და მათ შესახებ ვრცელი სიუჟეტი მაყურებელს 20 თებერვალს, „ნოდარ მელაძის შაბათში“ შესთავაზა.


სიუჟეტში სათაურით „გაიცანით ნიკა მელიას პროკურორები“ ერთ-ერთი გმირის - ია დარჯანიას დისკრედიტაციისთვის ჟურნალისტი ორ „იარაღს“ - ოჯახის ქონებას და პროკურორის მეუღლის მოქალქეობას იყენებს, თუმცა, მაყურებელი ვერც ქონების შეძენის უკანონობაში რწმუნდება და ვერც იმას იგებს, რატომ არის რუსეთის მოქალაქეობა უპირობო დანაშაული.


სიუჟეტში ია დარჯანიას შესახებ თხრობა მისი ოჯახის ქონებაზე საუბრით იწყება. კერძოდ, გვეუბნებიან რომ „ძვირადღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში მელიას საქმის პროკურორმა 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება შეისყიდა” და ეს „2 მილიონიანი კაპიტალი ოჯახმა 2018 წელს დააგროვა“, თუმცა თავად ია დარჯანია აცხადებს, რომ ბინა ბანკის მიერ გაცემული კრედიტით შეიძინეს და კრედიტს მისი ბიზნესმენი მეუღლე იხდის.


ამის შემდეგ ჟურნალისტი მომდევნო „ბრალდებაზე“ გადადის და მაყურებელს ამცნობს, რომ „პროკურორის ქმარი რუსეთის მოქალაქეა“, თუმცა იქვე თავად აზუსტებს, რომ რეალურად „პროკურორის ქმარი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.“


რა კავშირი აქვს ნიკა მელიას საქმესთან პროკურორის მეუღლის მოქალაქეობას, არის თუ არა დარჯანიას მეუღლე რამენაირად დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან ან რომელი კანონის საფუძველზე მოეთხოვება ერთ-ერთი ქართველი პროკურორის ბიზნესმენ მეუღლეს ორმაგ მოქალაქეობაზე უარის თქმა, ამას ჟურნალისტი არ გვიხსნის. სამაგიეროდ იგი ეჭვისა და დარტყმის ქვეშ აყენებს ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეები არიან.


როგორც ჩანს, ჟურნალისტს არც ის ახსენდება, რომ იმავე ნიკანორ მელიას წინამორბედი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ოფიციალური თანამდებობა ეკავა, 2009 წლის ბოლომდე სწორედ რუსეთის მოქალაქე იყო, მათ შორის, რუსეთის მოქალაქედ რჩებოდა იგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც.


რუსეთის მოქალაქეობის საკითხის ღიად დატოვების შემდეგ თხრობა ისევ ბიზნესისა და ქონების თემით გრძელდება და სიუჟეტში შემოდის რესპონდენტი გურამ კიკნაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ „ერთ მშვენიერ დღეს პროკურორმა და მისმა ქმარმა თაღლითური გზით მისი ქონება მიითვისეს“.


პრეტენზია ეხება აფხაზურ რესტორან „ამრას“ თბილისში, თუმცა თავად სიუჟეტშივე ჩანს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც რესტორნის მმართველი კომპანიის 45%-ის მფლობელად რესპონდენტის - გურამ კიკნაძის მეუღლეა დაფიქსირებული. ამდენად, სიუჟეტიდან გაურკვეველი დარჩა „ამრას“ თემაც და მაყურებელმა ვერ გაიგო, წაართვეს თუ არა პროკურორმა და მისმა მეუღლემ კიკნაძეს ბიზნესწილი.


საინტერესო დეტალი: რესტორან „ამრას“ ფეისბუკგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციად ამჟამად მითითებულია გურამ კიკნაძის ელექტრონული ფოსტა. ასევე, რესტორატორის სტატუსით ჩაწერა იგი რუსულმა ტელეკომპანია „მირ 24“-მაც საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ 15 თებერვალს რესტორან „ამრაში“ მომზადებულ სიუჟეტში.


საბოლოოდ, „ნოდარ მელაძის შაბათში“ პროკურორ ია დარჯანიასთან დაკავშირებული ყველა ამბავი თუ ბრალდება გაურკვეველი, დაუზუსტებელი და დაუსრულებელი დარჩა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არხის მიზანი არა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ მაყურებლისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, არამედ კონკრეტული ადამიანისა და მისი ოჯახის ბულინგი და მათ მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება იყო.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 5503
0 Comments