წითელი ვერსია
  • 0
  • 1491

მედია და ავარიული სახლები

10 ივლისი 2020

თბილისის ავარიული სახლების თემა, რაც საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა, მედიის ყურადღების ცენტრში წლების წინ მოექცა. ამ თემაზე არაერთი გადაცემა და სიუჟეტი გასულა სხვადასხვა ტელეარხზე. ბუნებრივია, განსაკუთრებულად ოპერატიულად ინფორმაცია შუქდება მაშინ, როცა შენობის ნგრევა ან ნგრევის საშიშროება ფიქსირდება.


მიუხედავად ამისა, მედიამ დღემდე ვერ უზრუნველყო საზოგადოების ინფორმირებულობა იმ პროგრამებზე, რომლებიც ავარიული სახლების მცხოვრებთა ჩართულობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ასევე, ვერ შეძლო მოსახლეობის ცნობიერების სათანადოდ ამაღლება უშუალოდ მათი წილი პასუხისმგებლობის შესახებ.


ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ჟურნალისტი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემას აშუქებს, შესაძლოა თავადაც არ ფლობდეს საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციას. გაშუქებაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს თავად არხის სარედაქციო პოლიტიკაც, რომელიც პრობლემის გადაჭრაზე მეტად მაყურებლისთვის პოლიტიკური გზავნილის მიწოდებაზეა ორიენტირებული და ზოგ შემთხვევაში, ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით - ხელისუფლების „დაცვას“.


მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, კერძოდ, 8 ივლისს, გოგოლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ნგრევის ფაქტის გაშუქება „მთავარ არხზე“.


შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტი გვატყობინებს, რომ „სახლი არის ავარიული, საუკუნეზე მეტის და ყოველდღიურად არის საფრთხე შენობა ჩამოინგრეს“. დაზარალებულზე დაყრდნობით კი გვაუწყებს, რომ „რამდენჯერმე მიმართა მერიას, მერიამ გადაამისამართა გამგეობასთან და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი სახლის გამაგრება“.


ჟურნალისტი ჩართვის განმავლობაში მხოლოდ შენობის ავარიულ უბნებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. დაახლოებით იგივე შინაარსის მატარებელია აღნიშნულ შენობაში მცხოვრებთა კომენტარებიც. მოსახლეობა აცხადებს, რომ სახლი წლებია სერიოზულადაა დაზიანებული, თუმცა მის მთლიანად გამაგრებას „ვერ მიაღწიეს“.


ჟურნალისტს არ გაურკვევია, რატომ „ვერ მიაღწია“ მოსახლეობამ შენობის გამაგრებას, ასევე, არ უკითხავს, ეცადნენ თუ არა ადგილობრივები, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“ ესარგებლათ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით უკვე წლებია ხორციელდება და მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში მსგავსი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.


გაუგებარი დარჩა ისიც, შედგა თუ არა მეზობლებს შორის საერთო შეთანხმება შენობის გამაგრებისთვის შესაბამისი პროცედურების დასაწყებად და შეუძლიათ თუ არა მათ პროექტის ღირებულების 10% მოაგროვონ, რომელსაც შემდგომში სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებენ.


მაყურებელისთვის (და შესაძლოა თავად მცხოვრებთათვისაც) ასევე უცნობია, დადგენილია თუ არა შენობის ავარიულობის ხარისხი, რაც განსაზღვრავს ექვემდებარება თუ არა სახლი საერთოდ გამაგრებას; საყურადღებოა შენობის სტატუსიც - თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მისი გამაგრებისთვის სხვა რეგულაციები მოქმედებს, რომელიც შენობის ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 1491
0 Comments