წითელი ვერსია
  • 6
  • 1916

მანიპულაცია გიგა ოთხოზორიას ტრაგედიით

20 მაისი 2021

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი ოკუპაციისა და მისი უმძიმესი შედეგების გაშუქებისას ხშირად მიმართავს მანიპულაციას და ინფორმაციის დამახინჯებას, თანაც იმგვარი დოზით, რომ კონკრეტული სიუჟეტი შესაძლოა იმავე დღეს და იმავე მედიასაშუალებით გავრცელებულ ცნობებსაც კი ეწინააღმდეგებოდეს.


სწორედ ამგვარი მანიპულაციური სიუჟეტით გამოეხმაურა „მთავარი არხი“ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის 5 წლისთავს.


ტელეკომპანია იუწყება, რომ ოფიციალური თბილისი „ოთხოზორიას მკვლელობის დღესაც კი არავითარ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს“, თუმცა, არხის ვებგვერდზე, უშუალოდ ამ ტექსტის შემდეგ მითითებულია საქართველოს პრემიერმინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები, რომლებიც სწორედ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა. ამგვარად, „მთავარი არხი“ საკუთარ სიუჟეტში და ვებგვერდზე გაჟღერებულ ბრალდებას ფაქტობრივად იქვე გამოქვეყნებული ინფორმაციით აბათილებს.


გარდა ამისა, სიუჟეტში გვაუწყებენ, რომ „დღეს ოთხოზორიები მთელი დღე საფლავთან სამძიმარს იღებდნენ, თუმცა, აქ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ გამოჩენილან“ და „ადგილზე ჩასული იყო მხოლოდ (?!) სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში.“


რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დასჯას, ამ ნაწილში „მთავარი არხის“ მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს: სიუჟეტში გვაუწყებენ, რომ თითქოს თბილისი „არც კი მოითხოვს მკვლელის გადმოცემას.“


რეალურად კანჯი-ოღლის ძებნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში გამოცხადდა, ხოლო მოგვიანებით, 2017 წლის მარტში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


გარდა ძებნის გამოცხადებისა, საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებში მუდმივად მოითხოვს ქართული მართლმსაჯულებისთვის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემას.


ცნობისთვის: 2016 წლის მაისის ბოლოს, მკვლელობიდან ერთ კვირაში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ოთხწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვით განახლდა. მას შემდეგ აღნიშნულ ფორმატში გამართულ შეხვედრებში, რომელშიც უშუალოდ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ქართული მხარე მუდმივად მოითხოვდა დამნაშავის დაკავებას და გადმოცემას.


აღსანიშნავია, რომ კანჯი-ოღლის გადმოცემის და დასჯის მოთხოვნის შესახებ მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე 22 ინფორმაცია იძებნება და ამას ადასტურებს არაერთი ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც.


ამასთან, გალის შეხვედრები არ არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა წლების განმავლობაში დამნაშავის დასჯა მოითხოვეს: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე ათეულობით განცხადება იძებნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა თუ სხვა საერთაშორისო აქტივობების ფორმატებში.


ამ საჯარო და მარტივად ხელმისაწვდომი მოცულობითი ინფორმაციის მიუხედავად, ფაქტია რომ „მთავარი არხი“ საქართველოს ხელისუფლებას მაინც უმოქმედობაში ადანაშაულებს, დამნაშავის დაუსჯელობაში კი პასუხისმგებლობას სწორედ ოფიციალურ თბილისს აკისრებს და არა აფხაზეთში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ საოკუპაციო ძალას.


მეტიც, ჟურნალისტი რუსეთ-საქართველოს ომიდან თითქმის 13 წლის შემდეგ სიახლედ წარმოაჩენს იმას რომ „საქართველოს მთავრობამ სრულად დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე“ და ამის დადასტურებად მხოლოდ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტები მოჰყავს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 6
  • 1916
0 Comments