წითელი ვერსია
  • 3
  • 6000

მანიპულაცია ერთი სიტყვით

24 მარტი 2021

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის გადადგომა კვლავ რჩება ქართული და უცხოური მედიის ერთ-ერთ აქტუალურ თემად. 23 მარტს ქართული ტელეკომპანიების ყურადღების არეალში მოექცა ინტერვიუ, რომელიც უკვე ყოფილ ელჩთან ფრანგულმა გამოცემამ Le Monde ჩაწერა, თუმცა, სტატიის დასაწყისშივე მოყვანილი ამონარიდი საბანაძის ინტერვიუდან რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა შეცვლილი შინაარსით გაავრცელა.


კერძოდ, ინტერვიუში, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპელი მედიატორების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები იყო, რომელიც ჯერ-ჯერობით უშედეგო აღმოჩნდა, ნატა საბანაძე ამბობს: „ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ისინი პროევროპელები არიან, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის, ეს უნდა იყო“.


Le Monde-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერვიუს გამოჩენიდან ძალიან მალე, ფრაზა „ჩვენი ყველა ლიდერი“ „მთავარმა არხმა“ და ტელეკომპანია „პირველმა“ „ხელისუფლებად“ თარგმნეს და შესაბამისად, ყოფილი ელჩის სიტყვები მაყურებელს შეცვლილი აქცენტისა და კონკრეტულად ხელისუფლებისადმი წაყენებული ბრალდების სახით მიაწოდეს.


ასე, მაგალითდ, 24 მარტს, „მთავარი არხის“ 12:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს უთხრეს, თითქოს: „საბანაძე ფრანგულ 'ლე მონდთან' ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პროევროპულ პოლიტიკას მხოლოდ სიტყვებით ატარებს, რეალობაში კი მისი ქმედებები აცდენილია ევროპულ კურსს და ღირებულებებს“.


იგივე შინაარსის ციტატით გამოაქვეყნა ყოფილი ელჩის ფოტო ტელეკომპანია „პირველმაც“: „ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პროევროპელია, თუმცა თქმა არ არის საკმარისი, უნდა იყო“.

საგულისხმოა, რომ თავად საბანაძემ მოგვიანებით სოციალური ქსელის მეშვეობით დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „სტატიაში საუბარია პოლიტიკურ ლიდერებზე, მთელს პოლიტიკურ კლასზე, რომელიც პროევროპული ორიენტაციისაა, მაგრამ მოლოდინია, რომ იქნება ევროპული თავის ქმედებებსა თუ გადაწყვეტილებებში“.

მიუხედავად საბანაძის განმარტებისა, აღნიშნულ ტელეკომპანიებს არც ყოფილი ელჩის ინტერვიუს თარგმანში დაშვებული შეცდომა გაუსწორებიათ და არც მისი გამოხმაურება გაუცნიათ მაყურებლისთვის.


მეტიც - 24 მარტის 15:00 საათის გამოშვებაში „მთავარმა არხმა“ უკვე ახალი ვერსია გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, (რომლებიც აცხადებდნენ, რომ „ლე მონდთან“ საბანაძის მიერ ნათქვამ ფრაზაში კონკრეტულად „ქართული ოცნება“ არ იგულისხმებოდა) ინტერვიუ „სულ სხვაგვარად თარგმნეს და გაიგეს“.


თავად ტელეკომპანიის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია კი, რომელიც ამავე გამოშვებაში გაჟღერდა, ასეთია: „ერთია, იყო სიტყვით პროევროპელი, მეორეა, საქმით გააკეთო ეს. პოსტის დატოვებიდან სამი დღის შემდეგ საბანაძე დუმილს არღვევს და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, რომელმაც მისი თქმით, მოლაპარაკების ჩაშლით საკუთარ პროევროპულობას ხაზი გადაუსვა“.


ცნობისთვის: ნატალია საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოსტი დაახლოებით რვაწლიანი მუშაობის შემდეგ მიმდინარე წლის 21 მარტს დატოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც 16 მარტს გაიმართა“.


მანანა მჭედლიშვილი
  • 3
  • 6000
0 Comments