წითელი ვერსია
  • 1
  • 2936

კონტრდაზვერვის „ანა-ბანა“ ტვ „პირველზე“

27 აპრილი 2021

ქართული ტელემედია მოვლენებს ხშირად კონკრეტული, მათ შორის, უაღრესად სპეციფიკური საკითხების ღრმა ცოდნის ამბიციით აშუქებს და თავადვე გვთავაზობს საკუთარ „ექსპერტულ შეფასებებსა“ და დასკვნებს.


სწორედ ამგვარი „მედიაექსპერტიზის“ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს 26 აპრილს ტვ „პირველის“ დღის საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშის მოსმენის შესახებ.


საგულისხმოა, რომ 12:00 საათისთვის დანიშნული მოსმენის შესახებ ტელეკომპანიამ მაყურებელს ჯერ კიდევ 11:00 საათზე აუწყა და „მთავარი ბრალდებაც“ გააჟღერა : „არც ერთი დაკავებული რუსი ჯაშუში და გამოვლენილი რუსული აგენტურული ქსელი. ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებზე სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში მხოლოდ ზოგადი საუბარია. მაშინ, როდესაც ევროპაში რუსულ კვალს ერთი მეორის მიყოლებით პოულობენ, ‘ქართული ოცნების’ ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში საქართველოში ვერც ერთი რუსი ჯაშუში ვერ ნახა.“


მომდევნო გამოშვებაში რეპორტიორი მაყურებელს აუწყებს, რომ „ლილუაშვილის მოადგილემ მთავარ გამოწვევად რუსული სპეცსამსახურების მუშაობა დაასახელა“, თუმცა, როგორც ჩანს, ტვ „პირველის“ ჟურნალისტები იმდენად დარწმუნებულნი არიან, რომ კონტრდაზვერვის მთავარი სამუშაო აგენტების დაკავებაა, რომ „მთავარი ბრალდება“ კვლავ ძალაში რჩება: „ქართული ოცნების’ მმართველობის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გამოუვლენია აგენტები და არ დაუკავებია ისინი“.


საგულისხმოა, რომ ჯაშუშებისა და აგენტების გამოვლენის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა მედიას განუმარტა, რომ: „კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი მიზანი არ არის დაკავება ან გაძევება. მისი მიზანი არის გამოვლენა. კონკრეტულ პირებს და ორგანიზაციებს ვერ დავასახელებთ. გამოვლენილია, მაგრამ რამდენი აგენტია გამოვლენილი, ნამდვილად ვერ გეტყვით. კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ ვერც ორგანიზაციებს, ვერც სახელმწიფოებს და ვერც პიროვნებებს. კონტროლდება მათი გარემოცვა, არხები, ინტერესების ობიექტები, სფეროები, ტარდება შესაბამისი კონტრსადაზვერვო ღონისძიებები.“


მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამაც: „ზესაიდუმლო ფორმა, რომელიც არის კონტრშპიონაჟი, გულისხმობს სტრუქტურის გაშიფრვას, ამ ქსელებში შეღწევას, შიგნიდან მათ დასუსტებას. ეს არის ჩვეულებრივი კონტრსადაზვერვო საქმიანობის ანბანი“ .


საინტერესოა, რომ ბერაიას ეს კომენტარი ტვ „პირველის“ ჟურნალისტმა რატომღაც პროფესიულ შეურაცხყოფად აღიქვა და აღნიშნა რომ: „თავდაცვისა ად უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დღეს კონტრდაზვერვის ანა-ბანას გვასწავლიდა.“


ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში ასახული სხვა საკითხები, მათ შორის „ჰიბრიდული ომი, რუსული ოკუპაცია და უკანონო დაკავებები საოკუპაციო ხაზთან“ ტვ „პირველის“ ეთერში მხოლოდ მშრალი ჩამონათვალის სახით მოხვდა, ხოლო ამ სამ ტერმინში ნაგულისხმევი გამოწვევები და გაწეული სამუშაოს დეტალები ტელეკომპანიის ყურადღების მიღმა დარჩა.


როგორც ჩანს, ტვ „პირველისთვის“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი ჯაშუშების გამოაშკარავება, დაკავება და გაძევებაა.


საინტერესოა, რომ ეს, ერთი შეხედვით უცნაური მიდგომა ზედმიწევნითი სიზუსტით იმეორებს პოლიტიკური ოპოზიციის ხედვას: ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე წელია სუს-ის ანგარიშის მოსმენისას სწორედ იმ ბრალდებას აჟღერებენ, რომ ქართული ოცნების მმართველობის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გამოუაშკარავებია, არ დაუჭერია და არ გაუძევებია რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშები.


დაბოლოს, როცა ჟურნალისტი გვაწვდის ცნობას იმასთან დაკავშირებით რომ „ევროპაში ერთი მეორის მიყოლებით პოულობენ რუსულ კვალს“, ის სავარაუდოდ უნდა გულისხმობდეს ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების ფაქტებს, რომლებსაც ბრალი ედებათ რუსეთის სასარგებლო შპიონაჟში, თუმცა გაუგებარია რამდენად ადეკვატურია ამ ქვეყნების შედარება საქართველოსთან, ანუ ქვეყანასთან რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ გაწყვეტილი აქვს და შესაბამისად, რუსეთის საელჩოც არ ფუნქციონირებს.


ამ გარემოების გაუთვალისწინებლობა და ზოგადად, სიუჟეტის პათოსი, აშკარად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ტელეკომპანია (ოპოზიციის მსგავსად) უბრალოდ „ავალდებულებს“ სუს-ს ნებისმიერი გზით „იპოვოს“, დაიჭიროს ან ქვეყნიდან გააძევოს რუსი ჯაშუშების რაღაც კონკრეტული რაოდენობა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 2936
0 Comments