წითელი ვერსია
  • 0
  • 4867

ხმაურიანი ბრალდებები „მდუმარე აქციის“ წინააღმდეგ

09 აპრილი 2021

„ახალგაზრდული პარლამენტი, ბაღების გაერთიანება, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, პედაგოგები - 'ქართული ოცნება' 'უცნობისთვის' ხალხს კრებს. მიზანი 9 აპრილის 'მდუმარე აქციაზე' მასშტაბური პროტესტია, რომ გამოჩნდეს ძალა, თითქოს ოპოზიციის მოწინააღმდეგე ბევრია“ - აუწყა საკუთარ მაყურებელს „მთავარმა არხმა” 8 აპრილის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში.


სიუჟეტში, სახელწოდებით „მზადება 9 აპრილის აქციისთვის“, მომღერალ გია გაჩეჩილაძის („უცნობი") ინიციატივით, თბილისში დაგეგმილი „მდუმარე აქციის“ ორგანიზებაში „ქართული ოცნება“ „ამხილეს“ და შეეცადნენ მაყურებლისთვის შეექმნათ განწყობა, რომ მმართველი გუნდი საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს აქციაზე მისვლას ავალდებულებს და აიძულებს კიდეც, თუმცა ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება მაყურებელმა ეთერში ვერ იხილა.


არგუმენტების ნაცვლად, სიუჟეტში მაყურებელს წარუდგინეს ფარულად და რესპონდენტის თანხმობის გარეშე მოპოვებული რამდენიმე სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომლებიც არ ტოვებენ დამაჯერებელ შთაბეჭდილებას, ამავე დროს, რეალურად, აბსოლუტურად არ ამტკიცებენ იმას, რის დამტკიცებასაც ტელეკომპანია ცდილობს.


მეორე მხრივ, რესპონდენტები, რომლებიც „მთავარ არხთან“ ღიად საუბრობენ, უარყოფენ ტელეკომპანიის ვერსიას პარტიული მობილიზაციის შესახებ, თუმცა მაყურებლისთვის ასევე, რთულია იმის გარკვევაც, საერთოდ, ნამდვილად არიან თუ არა ეს პირები რომელიმე სსიპ-ის ან ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, რადგან სიუჟეტში მათი იდენტიფიცირება არ მომხდარა.


ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ჟურნალისტი ჯიუტად განაგრძობდა მტკიცებას, რომ „მდუმარე აქციისთვის ‘ოცნებას’ ხალხი საგანგებოდ რეგიონებიდანაც ჩამოჰყავს“ და მეტი დრამატიზებისთვის პროვოკაციასაც აანონსებს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მან აღნიშნა, რომ „მდუმარე აქციის“ მონაწილეები ევროპის მოედნიდან მსვლელობით გაემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ, იქ მყოფი კარვების აქციის მონაწილეებთან მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ განაცხადა.


„დაპირისპირების საფრთხე დიდია“ - დამაჯერებელი ტონით გვაუწყა სიუჟეტის ავტორმა, რასაც მოჰყვა კომენტარები კარვების აქციის მონაწილეებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეშინიათ „კარვების შტურმით აღების“ და ა.შ. ამ ეპიზოდში, ჟურნალისტმა სამწუხაროდ ვერ (ან არ) გაითვალისწინა ის, რომ გაშუქების ამგვარი უპასუხისმგებლო სტილი შესაძლოა თავად გახდეს პროვოკაციის მიზეზი და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და სამოქალაქო მშვიდობას.


დაბოლოს, სიუჟეტი სრულდება „მდუმარე აქციის“ იდეის ავტორის, გია გაჩეჩილაძის პოზიციის გადმოცემით, თუმცა სიუჟეტის ავტორმა აქაც არასწორი ინტერპრეტაცია გააჟღერა და შეცდომაში შეიყვანა მაყურებელი. კერძოდ, ჟურნალისტი გვეუბნება: „ყველასთვის ნაცნობი 'უცნობი' ირწმუნება, რომ საქართველოს უბედურებით დაიღალა, პოლიტიკურ კრიზისში მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს და ხალხი ქუჩაში გამოჰყავს“.


აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს, გია გაჩეჩილაძე სტუმრად იმყოფებოდა აჭარის ტელევიზიაში, კერძოდ, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“, სადაც მან განაცხადა, რომ „მდუმარე აქცია“ არ იქნება საპროტესტო, ეს იქნება იმ ადამიანების შეკრება, ვისთვისაც მიუღებელია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და რელიგიური დაპირისპირებები, რაც სახელმწიფოებრივ კრიზისს ქმნის და „რაზეც ერთნაირად ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლებას, ასევე, ოპოზიციას.“


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 4867
0 Comments