წითელი ვერსია
  • 1
  • 3126

ქართული მედია ფორსმაჟორულ ვითარებაში

22 ოქტომბერი 2020

არსებობს მოვლენები, რომელთა გაშუქება მედიას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისა და კონკრეტული ადამიანების უსაფრთხოების დაცვის ზღვარზე უწევს. სწორედ ამგვარ ვითარებაში მოუწია მუშაობა ქართულ მედიას 21 ოქტომბერს, ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებების გაშუქებისას, რაც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელის შეჭრას და მის მიერ მძევლების აყვანას მოყვა.


ამგვარ სიტუაციაში, როცა ნებისმიერმა ფრაზამ ან კადრმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მძევლებისა და სამართალდამცველების სიცოცხლეს, ჟურნალისტებს უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა მართებდათ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას, თუმცა, შექმნილი ფორსმაჟორული და ემოციურად დაძაბული ვითარების ფონზე მედიაში მაინც მოხვდა პოტენციურად საფრთხის შემცველი, გადაუმოწმებელი და ზოგჯერ არასწორი ინფორმაციაც კი.


მაგალითად, 16:01 საათზე, ადგილზე აქტიური გადაადგილება „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა სპეცოპერაციის ძალისმიერი ფაზის დასაწყისად აღიქვა და ეთერში აღნიშნა, რაც შესაძლებელი იყო, შეიარაღებული თავდამსხმელის მხრიდან გაუთვლელი მოქმედების ბიძგი გამხდარიყო.


ასევე გადაუმოწმებელი და მძევლების სიცოცხლისთვის სახიფათო ინფორმაცია მოხვდა ამავე არხის ეთერში მოგვიანებით, როცა ადგილზე მომუშავე ჟურნალისტმა პირდაპირ ჩართვაში აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა თავისივე შეცდომა მომდევნო ჩართვაში თავადვე შეასწორა.


ამგვარი სახიფათო გზავნილების გარდა, მედიაში მთელი დღის განმავლობაში შეიმჩნეოდა ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის დამახასიათებელი სიჩქარე კონკურენტებზე ადრე ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების მიზნით. სავარაუდოდ, ამის გამო გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხისა" და ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ვებგვერდებზე, თუმცა, მცირე ხანში ორივე მედიასაშუალებამ ინფორმაცია შეასწორა და განაახლა.


განსაკუთრებულად საყურადღებოა ის, რომ მიუხედავად შსს-ს მოწოდებისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის ტელეეთერში მაინც მოხვდა სამართალდამცველების გადაადგილების, განლაგებისა და პოზიციების ამსახველი არაერთი კადრი. იქედან გამომდინარე, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა რამდენიმე ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერი გამოიყენა, მედიის მიმართ მისი ინტერესი ცნობილი იყო. ამდენად, არსებობდა საკმაოდ დიდი რისკი, რომ გადაადგილების ამსახველი კადრები რიგით მაყურებელთან ერთად მასაც ენახა, რაც საფრთხეში ჩააგდებდა სამართალდამცველებისა და მძევლების სიცოცხლეს.


დაბოლოს: ვითარებაში, როცა ნებისმიერ, მით უფრო მძევლებთან დაკავშირებულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე ეპიზოდში მედიამ უცნაური უყურადღებობაც გამოიჩინა. „მთავარი არხის“ ეთერში იმ დროს, 15:25 საათზე, როდესაც ბანკის შენობაში სავარაუდოდ, 19 მძევალი რჩებოდა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით თავდამსხმელმა მხოლოდ სამი მძევალი დაიტოვა(?!). მან პირდაპირ ჩართვაში ეს ინფორმაცია რამდენჯერმე გაიმეორა. ამის მიუხედავად, ჟურნალისტმა არ სცადა ინფორმაციის დაზუსტების მიზნით პოლიტიკოსისთვის კითხვის დასმა და ამ მომენტამდე გაურკვეველია, თუ საიდან შეიძლებოდა პოლიტიკოსს ცოდნოდა ის, რაც რეალურად რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.


ასევე, ჟურნალისტის ყურადღების მიღმა დარჩა და არ დაზუსტებულა, თუ როგორ უნდა ავხსნათ ერთ-ერთი მძევლისა და Facebook მომხმარებლის მიმოწერის ამსახველ ე.წ. სქრინში დაფიქსირებული დრო, რომლის მიხედვითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული მიმოწერა ჯერ კიდევ თავდამსხმელის ბანკში შეჭრამდე იყო განხორციელებული.


ცხადია, ჩვენ მიერ აღნიშნული სხვადასხვა ხასიათის დარღვევები და უზუსტობები მხოლოდ ნაწილია დღის განმავლობაში მედიაში გადაცემული მასალისა, თუმცა, საბედნიეროდ, ჟურნალისტების არც ერთ შეცდომას თუ უზუსტობას ფატალური შედეგი არ მოჰყოლია და ოპერაციაც უმსხვერპლოდ დასრულდა, ქართული მედიის გამოცდილება კი 21 ოქტომბრის მოვლენების გაშუქებით კიდევ ერთ, საკმაოდ მძიმე და არაორდინალურ თემაზე მუშაობით გაიზარდა.



მანანა მჭედლიშვილი
  • 1
  • 3126
0 Comments