წითელი ვერსია
  • 0
  • 6397

ყალბი „საერთაშორისო სკანდალი“ ირანული ძველი ტომრების გამო

26 დეკემბერი 2020

დედაქალაქში უკანონო მშენებლობების დემონტაჟის პროვოკაციული გაშუქების შემდეგ, ტელემედიის ერთი ნაწილი თბილისის მერიის წინააღმდეგ, ამჯერად, საერთაშორისო სკანდალის „აგორებას“ ცდილობს, თუმცა ამისთვის მაყურებელს ვერც საკმარის ინფორმაციას და ვერც საჭირო მტკიცებულებებს ვერ აწვდის.


საუბარია თბილისის მერიის მიერ კახეთის გზატკეცილზე, გზაგამყოფი ზოლის მოპირკეთებისთვის დეკორატიული ქვების შესყიდვაზე, რასაც 25 დეკემბერს „მთავარმა არხმა“, ტვ „პირველმა“ და „ფორმულამ“ საეთერო დრო დღის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში დაუთმეს.


უფრო კონკრეტულად, აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერიამ, ტენდერის პირობებით, 3 მილიონ ლარად შეიძინა დეკორატიული თეთრი ქვები ირანული კომპანია Arvand Petrochemical company-სგან, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა და შავ სიაში შეიყვანა.


„კორუფციული ბიზნესგარიგება და ქვეყნის მთავარი პარტნიორის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, „თუ ეს ყველაფერი დამტკიცდა, მაშინ ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა“, „ამ ქვების შემოტანისთვის საქართველოს, შესაძლოა, ურთიერთობა მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან დაეძაბოს“, „მერიის დანაშაულის თუ გულუბრყვილობის პარალელურად, ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა საბაჟო სამსახურიც - საზღვრის გადმოკვეთისას არავის გაუჩნდა კითხვა, რამდენად ლეგალური იყო სანქციების ქვეშ მოყოლილი ქვეყნიდან პროდუქციის შემოტანა“, „ოპოზიცია მოითხოვს, მერიამ და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტაცია გაასაჯაროვოს, რათა დადგინდეს, შეისყიდეს თუ არა დეკორატიული ქვები ირანული კომპანიისგან...“ - ასეთი და სხვა, მსგავსი შინაარსისა და პათოსის განცხადებების მიუხედავად სიუჟეტებიდან მაყურებლისთვის მაინც გაურკვეველი დარჩა, ნამდვილად გადაუხადა თუ არა თბილისის მერიამ 3 მილიონი ლარი ირანულ კომპანიას.


მეტიც - ერთადერთი საიდენტიფიკაციო მტკიცებულება, რომელიც მაყურებელმა რეალურად ეკრანზე იხილა და რომელიც, ასე თუ ისე, ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტსა და გამოსახულებას, გამყოფ ზოლზე განლაგებული, სავარაუდოდ, ქვებით სავსე ტომრებია, რომელსაც Arvand Petrochemical Company აწერია, თუმცა სიუჟეტებში გაკეთებული განმარტებების შემდეგ ამ ტომრებისა და ქვების „წარმომავლობის“ საკითხი სულაც არ ტოვებს „სკანდალურ“ შთაბეჭდილებას.


აღნიშნულ ტელეკომპანიებს სიუჟეტებში გამოყენებული აქვთ მერიის ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისის“ ხელმძღვანელის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ ქვები შეიძინეს არა ირანული, არამედ ქართული კომპანიისგან, კერძოდ - „როიალ სტოუნისგან“, ხოლო რაც შეეხება ტომრებს, კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ტომრები ირანულია, თუმცა ამავე დროს განმარტავს, რომ ოდესღაც ამ ტომრებში მშენებლობისთვის საჭირო მასალა იყო მოთავსებული, ახლა კი მეორადად გამოიყენეს და ქვები ჩაყარეს.


ნიშანდობლივია, რომ ტომრებითა და ქვებით საერთაშორისო სკანდალის აგორების მცდელობამ საზოგადოებას კითხვის ნიშანი უფრო მეტი დაუტოვა, ვიდრე ინფორმაცია, რადგან მაყურებელმა ვერც ერთ სიუჟეტში ვერ შეიტყო თუ როდის და რატომ დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ირანულ კომპანიას და ასევე, რამდენად (ან როდიდან) შეიძლებოდა ეს სანქციები ასახულიყო საქართველო-ირანს შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებზე.


ხათუნა კიღურაძე
  • 0
  • 6397
0 Comments