წითელი ვერსია
  • 6
  • 3672

ჯარისკაცების წამების მოდელირებული კადრები საინფორმაციო გამოშვებაში?

09 ივნისი 2021

საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტებში კონკრეტული ინფორმაციის ილუსტრაციის სახით გამოყენებულ კადრებს მაყურებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: კადრები ინფორმაციას მეტ დამაჯერებლობას სძენს და ემოციურ აღქმასაც აძლიერებს.


აქედან გამომდინარე, საინფორმაციო გამოშვებაში კადრების გავრცელებისას აუდიტორიას არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს რეალურად სურათი, რომელსაც ეკრანზე უყურებს: მედიის მიერ გადაღებულ მასალას, ფარულ აუთენტურ ჩანაწერს თუ აღწერილი ამბის რეკონსტრუქციას ან მოდელირებას.


მიუხედავად ამ პროფესიული ვალდებულებისა, უკიდურესად დამაბნეველი და სახიფათო გაუგებრობა გამოიწვია 8 ივნისს, ტელეკომპანია „პირველის“ 13:00 საათის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა სიუჟეტმა, სადაც მაყურებელს „ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე“ და საქმესთან დაკავშირებით დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომლის წინასასამართლო პროცესზე უამბეს.


კერძოდ, მაყურებელი მთელი სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე ხედავდა ძალადობის ამსახველ მძიმე კადრებს, რომლებიც დეტალურად ასახავდნენ ბრალდებაში გაჟღერებული დანაშაულის პროცესს.


ამასთან, მაყურებლისთვის აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს კადრები - არც გამოშვების წამყვანს და არც ჟურნალისტს მათი წარმომავლობის შესახებ არაფერი უთქვამთ და ეკრანზე არც განმარტების ან მითითების შემცველი წარწერა გამოჩენილა. შესაბამისად, კადრები, რომლებიც სავარაუდოდ რეკონსტრუქცია უნდა იყოს, მაყურებლის მიერ აღიქმება, როგორც რეალური ფაქტების ფარული ჩანაწერი.


აქედან გამომდინარე ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ტელეკომპანია „პირველმა“ , „ფარული ვიდეოჩანაწერის ეფექტის“ მისაღწევად მაყურებელს რეალურად აჩვენა რეკონსტრუქციის გზით შექმნილი ან სხვა წარმომავლობის მქონე კადრები.


ამ ვარაუდს ამყარებს ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის განცხადებით „დაკავებულების ბრალეულობა არ იკვეთება“, რაც სრულიად წარმოუდგენლად ჟღერს პირდაპირი ვიდეომტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში და გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული კადრები ტვ „პირველის“ გარდა არცერთ სხვა ტელეარხს არ უჩვენებია.


საგულისხმოა, რომ გაურკვეველი წარმოშობის სკანდალური კადრები არ გასულა ტვ „პირველის“ მომდევნო, 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში, სადაც იმავე თემასთან დაკავშირებით სასამართლოდან მორიგი პირდაპირი ჩართვა შემოგვთავაზეს, თუმცა მოგვიანებით კადრები მაყურებელმა განმეორებით 20:00 საათის შემაჯამებელ გამოშვებაშიც კვლავ იმავე ფორმით იხილა და ამჯერადაც, ვერ მიიღო ინფორმაცია, ეს ბრალდებაში გაჟღერებული დანაშაულის რეკოსტრუქცია იყო თუ ფარული ვიდეოჩანაწერი.


ხათუნა კიღურაძე
  • 6
  • 3672
0 Comments