წითელი ვერსია
  • 10
  • 6424

ინფორმაცია, რომელიც... გამოტოვეს

03 მაისი 2022

3 მაისს, „მთავარმა არხმა“ 15:00 საათის საინფორმაციო გამოშვებაში მაყურებელს „სანქცირებული“ რუსული ნავთობის საქართველოში ტრანსპორტირების შესახებ უამბო.


რეპორტაჟში ითქვა, რომ ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა თბილისში, საქართველოს რკინიგზაზე, რუსული კომპანია „გაზპრომის“ ნავთობის ავზები დააფიქსირა, რომელიც, სავარაუდოდ, ბათუმის ან ყულევის პორტისკენ გადაადგილდება.


რკინიგზის პარალელურად, „მთავარმა არხმა“ ბათუმის ნავსადგურში გადაღებული გემის კადრებიც გაავრცელა, რომელიც, ჟურნალისტის ცნობით, „ლუკოილის“ ნავთობით დატვირთული, რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერია.


სიუჟეტში აღინიშნა, რომ ეს ფაქტები ადასტურებს რუსეთის მიერ, სანქცირებული პროდუქციის საქართველოს გავლით ტრანსპორტირების მცდელობას.


აქვე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან განმარტებები არ გაკეთებულა.


გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა „საქართველოს რკინიგზა“, სადაც აცხადებენ, რომ კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები ყაზახური კომპანიის ტვირთია, რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გავლით, ევროპაში იგზავნება.


განცხადება გაავრცელა „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც“, რომელიც ადასტურებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოსულია რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ტრანზიტული ტვირთით - 500 ტონა დიზელით, რომელიც განკუთვნილია მესამე სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სომხეთისთვის.


თუმცა ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტანკერისთვის გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას, რადგან ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, ითვალისწინებს გამონაკლისებს ენერგეტიკის (ნავთობი, ნავთობ-პროდუქტები), სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ.


„მთავარი არხი“ მომდევნო გამოშვებაში აღნიშნულ თემას ისევ დაუბრუნდა, ნავთობის ავზებსა და ტანკერზე ინფორმაცია 18:00 საათზეც ზუსტად იმავე შინაარსით გააშუქა, თუმცა „საქართველოს რკინიგზისა“ და „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ გავრცელებული განმარტებების შესახებ მაყურებლისთვის არაფერი უთქვამს.


ხათუნა კიღურაძე
  • 10
  • 6424
0 Comments