წითელი ვერსია
  • 1
  • 5808

გლდანის ციხის ამბები

26 სექტემბერი 2020

ძალადობა ციხეში ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული თემაა, რაც მაყურებელს 2012 წლის ციხის კადრებსა და პენიტენციურ სისტემაში იმ დროს ფართოდ გავრცელებულ ძალადობას ახსენებს. 2012 წლის არჩევნებზე საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა სწორედ ციხეში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის შეწყვეტა იყო.


ეს ფაქტორი, ბუნებრივია, გაცნობიერებული აქვს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციასაც, თუმცა, მედიასაშუალებები, რომლებიც კონკრეტული ოპოზიციური ძალების ინტერესებს გამოხატავენ და ხელისუფლების მიმართ მწვავე, თუმცა ზოგჯერ არაობიექტური კრიტიკით გამოირჩევიან, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებისა და სასჯელაღსრულების სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, როგორც ჩანს, ციხის თემით მანიპულირებასაც არ ერიდებიან.


ამგვარი „წერტილოვანი დარტყმისა“ და ავტორიტეტის შესუსტების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს გლდანის ციხესთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მედიაში ორი დღის განმავლობაში შუქდებოდა, თუმცა ყველაზე პროვოკაციული სიუჟეტი 25 სექტემბერს, „მთავარი არხის“ შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში ვიხილეთ, სადაც მაყურებელს აუწყეს , რომ პატიმრებმა ციხის უფროსი მუქარასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულეს და პროტესტის ნიშნად სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენეს.


სასტიკი ძალადობა გლდანის ციხეში. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების პატიმრები ადმინისტრაციის უფროსს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მსჯავრდებულები არ ერიდებიან იმ საზარელი ღამის შესახებ საუბარს, როდესაც ნოდარ ქინქლაძე საკანში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა,“ - სწორედ ასეთი დრამატიზებული ტონით მოუყვა ჟურნალისტმა მაყურებელს ბრალდების შესახებ, რომელზეც არავითარი კონკრეტული მტკიცებულება ამ დრომდე არ არსებობს.


რეალურად, ჟურნალისტი გვაწვდის ე. წ. მეორად ინფორმაციას, ანუ გვიყვება იმას, რაც მას პატიმრების ოჯახის წევრებმა უთხრეს, რომელთაგან არც ერთი აღნიშნული ამბის თვითმხილველი არ არის. ამასთან, ოჯახის წევრის პოლიტიკური მიუკერძოებლობაც ეჭვქვეშ დგება ერთ-ერთი პატიმრის დედის კომენტარის მოსმენისას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობას იხსენებს და დადებითად აფასებს: „სააკშვილის დროს ციხეში იყო ჩემი შვილი ათი წელიწადი და ბუზი არ აუფრენიათ, ახლა რა ხდება, არ ვიცი“.


ჟურნალისტმა ასევე იცის, რომ საქმეს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი, რომელსაც ჯერ შესაბამისი დასკვნა არ გაუკეთებია და წაკითხული აქვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდებები „უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულია“.


მიუხედავად ამისა, სიუჟეტში „სექსუალური ძალადობა“ გამოყენებულია, არა როგორც სავარაუდო ბრალდება, არამედ როგორც ფაქტი: „მთავარმა არხმა მოიპოვა ერთ-ერთი დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, სადაც მსჯავრდებული გამაოგნებელ ფაქტებზე ყვება. პატიმრის მონათხრობის გარკვევა არც კი უცდია პენიტენციურ სამსახურს, რომელმაც საქმეში წერტილი დასვა და სექსუალური ძალადობის შესახებ ფაქტს ცილისწამება უწოდა“.


სიუჟეტში გამოყენებულია სახალხო დამცველის კომენტარიც, თუმცა იგი სულ სხვა ინფორმაციას გვაწვდის. მისი თქმით, დეტალურად გამოკითხეს პატიმრები, რომლებიც საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, „თუმცა, საუბარაია არა ციხის დირექტორზე, არამედ, სავარაუდოდ, მოადგილეზე და ასევე, სხვა პირებზე“.


სახალხო დამცველის მხრიდან საქმეში სხვა ფიგურანტების წარმოჩენას სიუჟეტის ავტორისთვის ხელი არ შეუშლია გაეგრძელებინა „შეტევა“ მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე. ამასთან, სიუჟეტში მაყურებელი ისმენს სამ სხვადასხვა ბრალდებას, რომლებიც ერთმანეთთან შინაარსობრივ წინააღმდეგობაშია. კერძოდ, ჟურნალისტი ზოგჯერ ამბობს რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებით დამუქრებას, ზოგჯერ საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე, ხოლო ზოგჯერ სექსუალური ძალადობის ფაქტზე.


„მსჯავრდებული, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობაზე საუბრობს. გლდანის მე-8 დაწესებულების ოთხი პატიმარი ნოდარ ქინქლაძეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე „მთავარ არხთან“ ყვება, რომ ნოდარ ქინქლაძე, ნასვამ მდგომარეობაში, საკანში მყოფ პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა.“


ის, რომ სიუჟეტს რეალურად პოლიტიკური დატვირთვა და ფუნქცია აქვს ცხადი ხდება იქიდანაც, რომ არხი ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატზე, ალექსანდრე კობაიძეზე დაყრდნობით მაყურებელს აუწყებს, რომ „ციხის უფროსს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები მფარველობენ და სწორედ ამიტომ მის დასჯას არავინ შეეცდება“.


სიუჟეტში ასევე გამოყენებულია უშუალოდ ალექსანდრე კობაიძის კომენტარიც, რომელიც საკუთარი ბრალდებების მტკიცებულებად ასევე მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობს: „თურმე ასე აპელირებს, რომ არის ქალბატონი წულუკიანის ახლობელი, ბატონი ბიძინას ახლობელი და რადგან ახლობელია, ყველაფერზე უნდა იძალადოს და ჯალათობა მოახდინოს“.


სიუჟეტში ასევე საგულისხმოა დასკვნითი ეპიზოდი, სადაც მოქმედება აღნიშნული თემისგან დამოუკიდებლად და ერთი შეხედვით, სრულიად შეუსაბამოდ განვითარდა. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა მაყურებელს აუწყა, რომ პენიტენციური დაწესებულების დაცვის თანამშრომელი „მთავარი არხის ყველა გადაადგილებას მობილური ტელეფონით იღებდა“.


კადრში მართლაც ჩანს დაცვის თანამშრომელი, თუმცა ის არც ფოტოს იღებს და ხელში მობილური ტელეფონიც კი არ უჭირავს. მისი ერთადერთი „დანაშაული“ კი ისაა, რომ მშვიდად ასრულებს თავის მოვალეობას და ცდილობს თავი აარიდოს ჟურნალისტს, რომელიც პროვოკაციული კითხვებით აედევნა: „არ გაქვთ არანაირი პასუხი? თქვენ, ეს ფოტოების გადაღება, ეხლა არის სამართლებრივად სწორი საქციელი? არის თუ არ არის ფოტოების გადაღება სწორი საქციელი?“. აშკარაა, ჟურნალისტი თავისი მოქმედებით დაცვის თანამშრომელის გამოწვევას და პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.


ცნობისთვის, 25 სექსტემბერს, საღამოს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვისა და სიმართლის დადგენის მოთხოვნით მიმართეს.


ხათუნა კიღურაძე
  • 1
  • 5808
0 Comments