წითელი ვერსია
  • 2
  • 5066

გარდაცვალების მიზეზის გაყალბების ბრალდება შაბათის "მთავარში"

24 ივნისი 2020

კოვიდეპიდემიის გაშუქება საქართველოში მედიის წარმომადგენლებსა და ექიმებს შორის მეტწილად საქმიანი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა, არის შემთხვევები (და არც თუ იშვიათად), როცა ექიმებს უწევთ მკაცრი განცხადების გაკეთება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც დაუზუსტებელია ან სულაც სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციის შთაბეჭდილებას ტოვებს.


ამჯერად, მორიგი განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც იგი 20 ივნისს „შაბათის მთავარზე“ გასულ სიუჟეტს - „ნაყიდი COVID-19“ - გამოეხმაურა. მედიკოსი ტელეკომპანიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ სიუჟეტმა „ყველა ზღვარს გადააჭარბა“.


„მთავარი არხის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის თანახმად, ხელისუფლება „მოახლოებულ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის“ და „პოლიტიკური მანიპულაციისთვის“ კორონავირუსით გარდაცვლილთა „სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდას“ ცდილობს. კერძოდ, ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები, სხვადასხვა დაავადებით ახალგარდაცვლილთა ოჯახებში მიდიან და მათ 10 000 ლარის სანაცვლოდ თხოვენ დაადასტურონ, რომ მათი ოჯახის წევრი COVID-19-ით გარდაიცვალა.


მთავარმა არხმა ასევე „აღმოაჩინა, რომ ასეთი ფაქტი ბევრია და ამაზე თითქმის ყველა რეგიონში საუბრობენ“, თუმცა „თითქმის ყველა რეგიონიდან“ სიუჟეტისთვის მხოლოდ მარნეულია შერჩეული, იმ მოტივით, რომ აქ კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილია. მიუხედავად ამისა, სიუჟეტისთვის ჩაწერილია სულ ოთხი რესპონდენტი, რომლებიც აზებაიჯანულ ენაზე საუბრობენ, მაგრამ მაყურებელს მხოლოდ ქართულად თარგმნილი მეორადი სინქრონის ხმა ესმის, რომელიც ორიგინალ ხმებს არასტანდარტულად ახშობს.


სიუჟეტში განსაკუთრებით ბუნდოვანია იმ პირის საუბარი, რომელიც, თითქოს, თავად გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზის შეცვლა შესთავაზეს. სხვა რესპონდენტები კი ჰყვებიან, რომ ასეთი შემთხვევები მათ ახლობლებსაც გადახდათ, როცა მათთან მერიის თანამშრომლები მივიდნენ ან ამის შესახებ სხვებისგანაც გაუგიათ, მაგალითად, „ჩაიხანაში“ ამ თემაზე ხშირად საუბრობენ“ და ა.შ. - თარგმანის ტექსტის თანახმად, რესპონდენტები „მთავარი არხის“ ინფორმაციას სწორედ ასეთი ცნობებით ადასტურებენ.


აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ავტორს არ უცდია, აღნიშნული ინფორმაცია და სიუჟეტში გაჟღერებული ბრალდება სამთავრობო უწყებებში ან სულ მცირე, ექიმებთან გადაემოწმებინა და მაყურებლისთვის მეორე მხარის პოზიციაც გაეცნო.



ხათუნა კიღურაძე
  • 2
  • 5066
0 Comments