წითელი ვერსია
  • 0
  • 3058

გამოტოვებული ვაქცინა

12 თებერვალი 2021

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინების შემუშავების შემდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის თემამ ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავა მედიის დღის წესრიგში.


ქართული ტელეკომპანიები ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავენ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ვადებს, დოზების რაოდენობას და თითოეული ვაქცინის სპეციფიკას, თუმცა როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, მედიის დიდი ნაწილი ქვეყნის წინაშე მდგარი ამ ურთულესი გამოწვევის გაშუქების დროსაც კი მხოლოდ ნეგატივზე არის ორიენტირებული და ხშირად, მხოლოდ იმ ინფორმაციით ინტერესდება, რომელიც პოლიტიკურ სკანდალის ან ინტრიგის ელემენტებს შეიცავს.


ამგვარი მიდგომის გამო ქართული ტელეარხების მაყურებელთა უდიდესმა ნაწილმა 11 თებერვალს ვერ შეიტყო მნიშვნელოვანი ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ მარტის პირველ ნახევარში საქართველოს Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 150 ათას დოზას მიიღებს.


ეს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა:

„ასტრაზენეკას’ ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად ჩვენ გვყავს განსაზღვრული კოვაქს პლატფორმა, სადაც განსაზღვრული არის 300 ათას დოზამდე ვაქცინის მიღება, დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 ათას დოზას ასევე მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში“.

მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ გაშუქდა. ახალი ამბავი ასევე გამოქვეყნდა პირველი არხის, „ფორმულის“, „მთავარი არხისა“ და „იმედინიუსის“ ვებგვერდებზე, თუმცა უშუალოდ ტელემაყურებელმა ამ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ტვ „პირველის“, „მთავარი არხის“, „ფორმულის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებიდან აბსოლუტურად ვერაფერი შეიტყო.


აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეარხებზე განსაკუთრებით გააქტიურდა ბრალდებები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მისამართით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაწყება გვიანდება და ქვეყანას ვაქცინა არ აქვს.


ამ ფონზე აღნიშნული არხების მხრიდან იმ ინფორმაციის იგნორირება, რომ ქვეყანა მალე ვაქცინის 150 ათას დოზას მიიღებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანდაცვის სისტემის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის პოლიტიკურ ხასიათს.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 3058
0 Comments