წითელი ვერსია
  • 0
  • 2585

გამოტოვებული პროტესტი

16 ნოემბერი 2020

ქართულ ტელემედიაში, სადაც დროის უდიდესი ნაწილი კვლავ არჩევნების შემდგომ მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებებს ეთმობა, ეს მოვლენები ზოგჯერ „ყლაპავს“ სხვა, ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა, მაგალითად, ეკოლოგია, ენერგეტიკა თუ არაპოლიტიკური მიზეზით გამართული საპროტესტო აქციები.


სწორედ ამგვარი შემთხვევა მოხდა გასულ შაბათ-კვირას, როცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია, თემის მნიშვნელობისა და პროტესტის სიმწვავის მიუხედავად, რამდენიმე ტელემაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებში საერთოდ ვერ მოხვდა.


14 ნოემბერს, ტელემედიამ მთავარ თემებად თბილისში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქცია, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი და სხვა პოლიტიკური ამბები წარმოგვიდგინა. პოლიტიკური თემებით იყო საინფორმაციო გამოშვებების საეთერო დროის დიდი ნაწილი შევსებული „იმედსა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეც, თუმცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ამავე დღეს გამართული საპროტესტო აქცია, რასაც პროტესტის ნიშნად ქუთაისი-ალპანას გზის გადაკეტვა და მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოყვა, ამ მაუწყებლების ყურადღების მიღმა დარჩა.


აღსანიშნავია, რომ სხვა საერთოეროვნულმა ტელემაუწყებლებმა აქცია და მომხდარი დაპირისპირება იმავე საღამოს ან მეორე დღის გამოშვებებში გააშუქეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მაყურებელმა კი საპროტესტო აქციის შესახებ ორიოდე წინადადება მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიაში ამ თემაზე გამართული ბრიფინგის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში მოისმინა და საბოლოოდ, მაყურებლისთვის რთულად გასაგები დარჩა, კონკრეტულად რას ეძღვნებოდა „ლეიბორისტების“ ბრიფინგი (თუმცა პროტესტს, რომელიც უკვე 20 დღეზე მეტია გრძელდება, აღნიშნული ტელეარხი გასული კვირების განმავლობაში რამდენჯერმე შეეხო).


ამავე დროს, „ტელე-იმედის“ შაბათ-კვირის საინფორმაციო გამოშვებებში ეს თემა რამდენიმე სიტყვითაც არ გაშუქებულა.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2585
0 Comments