წითელი ვერსია
  • 0
  • 2341

გალელებისთვის სასიცოცხლო სიახლეების იგნორირება

20 აპრილი 2021

ქართული ტელემედია გასული კვირის მანძილზე ძირითადად შიდაპოლიტიკურ პროცესებზე იყო კონცენტრირებული, რის შედეგადაც ოკუპაციის თემა და კონკრეტულად, კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების პრობლემები ფაქტობრივად მედიის ყურადღების მიღმა დარჩა. არადა, გასული კვირა ოკუპირებული ტერიტორიების და, მათ შორის, გალის რაიონის მცხოვრებთათვის ორი მნიშვნელოვანი ფაქტით იყო გამორჩეული.


კერძოდ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში 13 აპრილს გამართულ თათბირზე რაიონის მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა: რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია 7 აპრილს მდინარე ენგურის გადალახვის მცდელობისას გალის რაიონის ოთხი მცხოვრების ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს გამოეხმაურა და გალელებისთვის ე.წ. საზღვრის გახსნის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა. თათბირის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია „გალ ტვ“-მ გაავრცელა.


როგორც ცნობილია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მდინარე ენგურზე გადმოსასვლელი პუნქტი უკვე ერთი წელია, ჩაკეტილია და მისი გავლით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ პენსიისა და სოციალური შემწეობის მისაღებად შეუძლიათ.


ფილიას თქმით, გალის რაიონის მცხოვრებნი ე.წ. საზღვარზე გადასვლას ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გარდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზნით და ნათესაური კავშირების გამოც ცდილობენ და მათთვის ე.წ. საზღვრის გახსნაში დე ფაქტო ხელმძღვანელი პრობლემას ვერ ხედავს.


მისი ეს მოსაზრება ჯერ მხოლოდ ინიციატივის და პოზიციის დონეზეა. თუმცა, ამის მიუხედავად, ამ, ჯერ-ჯერობით, განუხორციელებელი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება გალელების მდგომარეობის შემსუბუქების კუთხით მნიშვნელოვან სიგნალად შეიძლება ჩაითვალოს.


ეს სიახლე ქართულ ტელეარხებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინციდენტს და ნეგატიურ ამბავს ზედმიწევნით დეტალურად აშუქებენ, შეუმჩნეველი დარჩათ. ფილიას მოსაზრება მხოლოდ რამდენინმე ონლაინმედიასაშუალებამ გააშუქა, მათ შორის accentnews.ge, kvira.ge და ekhokavkaz.com.


ის, რომ ქართული ტელეარხები აფხაზურ საინფორმაციო წყაროებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, საზოგადოებისთვის სიახლეს ალბათ არ წარმოადგენს, მაგრამ გალში გამართული თათბირისთვის ტელეჟურნალისტებს არც მას მერე მიუქცევიათ ყურადღება, როცა ამბავი ქართულ ონლაინსივრცეში გავრცელდა.


რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებულ მეორე მნიშვნელოვან ამბავს - 19 აპრილიდან გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული ხუთდღიანი კარანტინი: ამიერიდან ისინი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას მხოლოდ ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან და სურვილის შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესშიც ჩაერთვებიან.


აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 14 აპრილს მიიღო, თუმცა, ახალი რეგულაცია ძალაში სწორედ 19 აპრილს შევიდა. ენგურის ხიდთან ტესტირებისთვის რამდენიმე კაბინეტი და დაყოვნების სივრცეც მოეწყო.


ნიშანდობლივია, რომ სიახლის ამოქმედების დღეს ინფორმაცია სავალდებულო კარანტინის გაუქმების შესახებ ტელეკომპანია „ფორმულისა“ და ტვ „პირველის“ საინფორმაციო გამოშვებებში საერთოდ ვერ მოხვდა, რაც გაკვირვებას იწვევს, რადგან ეს ტელეკომპანიები, როგორც წესი, განსაკუთრებით აქტიურად აკრიტიკებდნენ აღნიშნულ რეგულაციას.


შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის რეგულაციების გადახედვის საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმდინარე წლის 7 აპრილს მდინარე ენგურის გადმოლახვისას 4 ადამიანი დაიღუპა. მომდევნო დღეებში კარანტინის გაუქმების მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომელსაც ყველა ტელეკომპანია ასევე აქტიურად აშუქებდა, მომხდარი ტრაგედიის გამო კი 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 2341
0 Comments