წითელი ვერსია
  • 5
  • 7394

გადაუმოწმებელი ამბავი და სპეკულაცია ეთნიკურ თემაზე

29 მაისი 2023

„ბოლო 10 თვეში საქართველოში რუსეთის 1052 მოქალაქე დასაქმდა“ - ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დეპუტატმა თამარ კორძაიამ მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა.


ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით, 28 მაისს „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში რეპორტაჟი შემოგვთავაზეს. რეპორტაჟიდან გავიგეთ, რას ფიქრობს რუსეთის მოქალაქეთა დასაქმებაზე ოპოზიციური სპექტრი:


- ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსია..

- საქართველოს მოქალაქეთა გაღარიბება..

- რუსები მასიურად შემოდიან..

- ხელისუფლება ვერანაირ საფრთხეს საქართველოში რუსების მასშტაბური დასახლებით ვერ ხედავს და ა.შ.


სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ ის, რაც წესით, დეპუტატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ ჟურნალისტს უნდა მოეპოვებინა და დაემუშავებინა, კერძოდ:


- რომელ სექტორებში საქმდებიან რუსეთის მოქალაქეები?

- რა მიზეზით დატოვეს რუსეთის ფედერაცია?

- რატომ ამჯობინებენ საქართველოში დასაქმებას?

- რა პერიოდს მოიცავს და როგორ რეგულირდება მათი შრომითი საქმიანობა საქართველოში და ა.შ.


სიტუაციის დრამატიზებისათვის, ჟურნალისტმა გადამოწმების გარეშე გამოიყენა კიდევ ერთი მზა ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა ფეისბუკის მომხმარებელმა:


„მოქალაქე თინათინ დვალიშვილი იხსენებს, როგორ ექცევიან რუსები თბილისში გახსნილ ბიზნეს-ობიექტებზე ადგილობრივ ქართველებს. გუშინ ერთ-ერთი კაფედან რუსულენოვანმა მიმტანმა დვალიშვილი არასრულწლოვან შვილთან ერთად გამოაგდო და ევროკავშირის დროშების გადაგდება სცადა.“


შემოთავაზებულ კომენტარში თინათინ დვალიშვილი გვიყვება:


„ჯერ გამოვიდა ბიჭი და რუსულად მითხრა: აქ არ შეიძლება! რუსულად მითხრა! მერე გამოვიდა გოგო. ასეთი აგრესია, ასეთი უცენზურო სიტყვები. რა ვიცი, თუ რაიმე რუსულად უცენზურო გაგიგონიათ, ყველაფერს ეს გოგო ამბობდა. კულმინაცია იყო, როდესაც დასტაცა ხელი - დროშები გველაგა პატარა - ევროკავშირის და საქართველოს. ჯერ ამ დროშებს დასტაცა ხელი და გადავყრიო.“


რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ვის ეკუთვნოდა დაწესებულება, სად მოხდა აღნიშნული კონფლიქტი? როგორი იყო მომხდარ კონფლიქტზე მოქალაქის ან დამსაქმებლის რეაგირება და მიმართა თუ არა მოქალაქემ სამართალდამცავებს?


- ამბის გადმოსაცემად ჟურნალისტს აუცილებლად უნდა გაეცა პასუხი ამ შეკითხვებზე, ჩაეწერა კონფლიქტის მეორე მხარე, თვითმხილველები, რათა სრული და დაბალანსებული თხრობა შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.


ამის ნაცვლად, მოვისმინეთ საკამათო სპეკულაციები ეთნიკურ თემაზე. ეთიკური და პროფესიული სტანდარტის გარდა, ჟურნალისტი უპასუხისმგებლოდ მოეკიდა მთავარ პროფესიულ მოთხოვნას - არ გადაამოწმა ინფორმაცია.


რესტორანმა, სადაც სავარაუდოდ, კონფლიქტი მოხდა, სოციალურ ქსელში იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მოხდა გაუგებრობა და სიტუაცია ქალთან დაკავშირებით შეცდომაა“.


ამავე განცხადების მიხედვით, რესტორანში დასაქმებულების გუნდი შედგება უკრაინელებისა და ქართველებისაგან, რომლებსაც არ სურთ, ასოცირებული იყვნენ "ტერორისტებთან".


„ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ტერორისტების ენას. სამწუხაროდ... გვინდა გთხოვოთ, რომ მხარი დაგვიჭიროთ ონლაინ და დაწეროთ სიმართლე“ - ნათქვამია განცხადებაში.


ლელა კურდღელაშვილი
  • 5
  • 7394
0 Comments