წითელი ვერსია
  • 1
  • 2818

ეუთოს დასკვნის განსხვავებული აქცენტები ონლაინმედიაში

06 თებერვალი 2020

საარჩევნო სისტემის ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მოსაზრება ქართულ ონლაინმედიაში დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე გავრცელდა.


ორგანიზაციამ განიხილა ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებული ე.წ. გერმანული მოდელი, რომლის პროექტიც ეუთოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გადაუგზავნა.


როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებს საარჩევნო კანონის, მათ შორის, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ელემენტების ცვლილებებს. საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით კი, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა იყოს ღია ცვლილებისთვის, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.


ეს რეკომენდაცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის და სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“; მათ ეს აქცენტი სათაურშიც გამოიტანეს.


ეუთოს ამ რეკომენდაციის შესახებ საერთოდ არაფერია ნათქვამი „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საინფორმაციო პორტალი აქცენტს აკეთებს იმ მოსაზრებაზე, რომ „ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო მოდელის მიღება ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი...“.


ეუთოს მოსაზრების შესახებ უფრო ვრცელი მასალები გამოქვეყნდა „ნეტგაზეთის“ და „რეპორტიორის“ გვერდებზე.


„ნეტგაზეთი“ მკითხველის ყურადღებას ამახვილებს რეკომენდაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „ყველა შემოთავაზებული ცვლილება ფრთხილად უნდა იყოს განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული“.


„რეპორტიორისთვის“ კი საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი გზავნილი აღმოჩნდა ის, რომ „საარჩევნო სისტემის არჩევა სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა“.


ხათუნა კიღურაძე
  • 1
  • 2818
0 Comments