წითელი ვერსია
  • 4
  • 6811

ექსკლუზიურ ინტერვიუდ გამოყენებული პირადი სატელეფონო საუბარი

23 ივნისი 2020

შესაძლებელია თუ არა, კონკრეტული პირის პირადი სატელეფონო საუბარი ტელეეთერში აღმოჩნდეს, როგორც „ექსკლუზიური ინტერვიუ“? ქართულ მედიაში ასეთი ფაქტი შესაძლებელი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ საუბარი ისეთ მგრძნობიარე და საფრთხილო თემას შეეხება, როგორიც ადამიანის გარდაცვალებაა. ამგვარი „ინტერვიუ“ მოხვდა „მთავარი არხის“ 22 ივნისის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტში „დაღუპული ფეხბურთელი“.


გადაცემის წამყვანმა მაყურებელს ამცნო, რომ „მთავარი არხი გაესაუბრა ამ ისტორიის მთავარ მოწმეს - გიორგის მეგობარს, რომელიც მას გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაშორდა.“ წამყვანის მსგავსად სიუჟეტის ავტორმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მთავარ მოწმესთან“ „ექსკლუზიური ინტერვიუ“ ჩაწერა, თუმცა მაყურებელმა რეალურად მოისმინა პირადი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც გარდაცვლილის მეგობარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს; საუბრის მანერის, გამოყენებული მეტსახელების და მეორე მოსაუბრის რეპლიკების მიხედვით ალბათ, რთული მისახვედრი არა არის, რომ ეს უფრო პირადი საუბარია, ვიდრე სატელევიზიო ინტერვიუ.


ეთერში სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე საათში მასალას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად „ოქროს მოწმე“, როგორც მას „მთავარი არხი“ უწოდებს, და დაწერა, რომ ეთერში გასული კომენტარი მას ჟურნალისტისთვის არ მიუცია. „ხალხო ამ სიუჟეტში მე ეს კომენტარი არ მიმიცია ჟურნალისტისთვის. ეს ბიჭი, ვისაც მე ველაპარაკებოდი, არის ჩემი ძველი მეგობარი და კარგად ჩანს, რომ არ ვსაუბრობ ოფიციალურად და დეტალურად და ძალიან გთხოვთ, ნუ აკეთებთ ასეთ დასკვნებს. უბრალოდ სირცხვილია!!!“ - მიმართავს იგი “მთავარ არხს“.


საგულისხმოა, რომ საქმეზე, რომლის დეტალებზეც „ოქროს მოწმის“ პირადი საუბარი მისი ნებართვის გარეშე გავრცელდა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, არ არის დადგენილი მომხდარის დეტალები. ჯერ-ჯერობით ასევე გაურკვეველია თუ როგორ მოიპოვა მედიასაშუალებამ აღნიშნული საუბრის აუდიოჩანაწერი.


მანანა მჭედლიშვილი
  • 4
  • 6811
0 Comments