წითელი ვერსია
  • 8
  • 4657

ეკონომიკური “აბრაკადაბრა” „რუსთავი2“-სა და “იმედზე”

14 ოქტომბერი 2023

„მსოფლიოში მე-2 და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებს შორის 1-ლი ადგილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო 2022-2028 წლებში 1 სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტემპით მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს“


- ამცნეს ტელემაყურებლებს “რუსთავი2"-მა და “იმედმა” 13 ოქტომბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.


გავლენიანი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტის პოზიტიური მოლოდინები ნამდვილად დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ რიგითი მოქალაქის განწყობაზე, არამედ ქვეყნის იმიჯზეც.


პრინციპში, ეს იყო ერთადერთი რამ, რის გაგებასაც შეძლებდა თითქმის 4-წუთიანი სიუჟეტებიდან მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ ისინი, ვისაც ეკონომიკური განათლება არა აქვს.


და არა მხოლოდ ისინი:


სიუჟეტებში ტექნიკური ტერმინების და რუდუნებით გამოთვლილი ციფრების ისეთი კორიანტელი დადგა, რომ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტსაც დაეხვა თავბრუ და გვახარა, რომ „2023 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 22 300 დოლარზე მეტი იქნება“, მაშინ როცა, 8 ათას დოლარს მიაღწევს (არ უთქვამს, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ე.წ. მსყიდველუნარიანობის პარიტეტი იგულისხმა, რომელიც სპეფიციკური მომხმარების ინდიკატორია და ზოგადი ტენდენციების შესაფასებლად ნაკლებად გამოიყენება).


მისივე თქმით, ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 15 000 დოლარს გადააჭარბებს (საბედნიეროდ, ერთ-ერთმა რესპონდენტმა ინტერვიუში დააზუსტა, რომ ეს ციფრი ერთ სულ მოსახლეზეა გათვლილი და არა მთლიან ეკონომიკაზე) და ქვეყანას მაღალშემოსავლიანის სტატუსი ექნება.


მხოლოდ ერთი კომპონენტი - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა, თავისთავად არ არის საკმარისი ქვეყნის ეკონომიკის შეფასებისთვის და გასათვალისწინებელია კიდევ არაერთი მდგენელი;


მთლიანი ეკონომიკის ერთ ადამიანზე გადაანგარიშება /მექანიკური გაყოფა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე მაღალ ხელფასს მიიღებს და გამდიდრდება, ანუ 7 წელიწადში „დავეწევით და გავუსწრებთ ამერიკას“. მით უფრო, როცა მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები ასე სწრაფად იცვლება.


სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ „იმედისგან“ განსხვავებით, ალტერნატიული აზრი ოპოზიციისგან „რუსთავმა2“-მა ჩაწერა.


რა გავაშუქოთ და როგორ - ყველაზე მეტად ეს დილემა ეკონომიკურ თემებს ეხება;


აუცილებელია, მაყურებელს მარტივად აუხსნა სპეციფიკური საკითხის არსი და გავლენა მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.


თუმცა, ალბათ ვერც აუხსნი, თუ თავად არ გესმის.


ნატა მინდელი
  • 8
  • 4657
0 Comments