წითელი ვერსია
  • 0
  • 3684

ეკლესიის პოლიტიზება „მთავარ არხზე“

24 თებერვალი 2021

ოპოზიციური ტელემედია და, მათ შორის, „მთავარი არხი“ ხშირად აკრიტიკებს სასულიერო პირებს პოლიტიკასთან დაკავშირებით თუნდაც პირადი მოსაზრებების გამოხატვის გამო, რასაც მედიასაშუალება, როგორც წესი „პოლიტიკაში ჩარევად“ აფასებს, თუმცა 23 თებერვალს „მთავარმა არხმა“ თავად მიმართა ეკლესიის წარმომადგენლებს, დაეფიქსირებინათ პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.


მეტიც - სიუჟეტშირატომ დუმს საპატრიარქო?“, რომელიც „მთავარმა არხმა“ მაყურებელს 23 თებერვლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში შესთავაზა, გამოშვების წამყვანმა ეკლესია უკვე იმისთვის გააკრიტიკა, რომ იგი პოლიტიკურ პოზიციას არ აფიქსირებს.


„საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ისე დასრულდა, რომ საპატრიარქოს ხელისუფლების ძალადობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებაზე ღიად სინოდის მხოლოდ რამდენიმე წევრმა ისაუბრა. მღვდელმთავრების პოზიცია ორად არის გაყოფილი. ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელით იძალადა. ვინ ემხრობა კანონის სახელით ხელისუფლების მიერ დიქტატურის დამყარების მცდელობას?“ - ამ შესავალი სიტყვის შემდეგ მაყურებელმა მოისმინა რამდენიმე სასულიერო იერარქის მოსაზრება, რომელთაგან ორს - მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს თავად „მთავარი არხი“ დაუკავშირდა და მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვა.


აღსანიშნავია, რომ თუ მეუფე ნიკოლოზის კომენტარი მაქსიმალურად კორექტულია და საზოგადოების გაერთიანებისკენაა მიმართული, ვახტანგ ახვლედიანის მოსაზრება სრულ თანხვედრაშია არხისა და სიუჟეტის პათოსთან და მისი პოზიციისადმი განსაკუთრებული ინტერესიც ამით უნდა იყოს გამოწვეული. „მოძალადეა, ვინც ეს უბედურება ჩაიდინა ღარიბაშვილის თუ ივანიშვილის სახით და ამას ალბათ ქართველი ერი ვერც შეეგუება და ვერც აპატიებს,“ - ამბობს ცურტავის მიტროპოლიტი.


არხის რეალური მოტივაციის შესახებ გამოთქმულ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ „მთავარმა არხმა“ სოციალურ ქსელში საგანგებოდ მოიძია და მაყურებელს წარუდგინა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკ ხაჩიძის აშკარა პოლიტიკური მიკერძოების შემცველი და სკანდალური გამოხმაურებაც, რომელმაც 23 თებერვალს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ „საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს - ევროატლანტიკურ სწრაფვას.


დაბოლოს, ტელეკომპანია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლის საკვირაო ქადაგების ფრაგმენტითაც დაინტერესდა, რომელიც სიტუაციას საკმაოდ მძიმე ტერმინებით აფასებს, თუმცა მეუფე ნიკოლოზის მოსაზრების მსგავსად, უფრო გამოსავლის ძებნაზეა ორიენტირებული.


საზოგადოებისთვის სასულიერო პირების მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებისგან შედგენილი ამგვარი „კრებულის“ შეთავაზება განსაკუთრებით ნიშანდობლივია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „მთავარი არხის“ ეთერში მაყურებელს არაერთხელ მოუსმენია სამღვდელოების კრიტიკა მაშინ, როცა კონკრეტული მღვდელმთავრების ან თუნდაც, რიგითი სასულიერო პირების პოზიციები ტელეკომპანიის პოლიტიკურ დღის წესრიგთან თანხვედრაში არ იყო.


მაგალითისთვის გამოდგება თუნდაც 2020 წლის 21 სექტემბერს მომზადებული სიუჟეტი „ეკლესია და საარჩევნო კამპანია“, რომელშიც „მთავარი არხი“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შეკრებაზე სტუმრად მისულ სასულიერო პირებს აკრიტიკებს და ცდილობს გაარკვიოს, „არღვევს თუ არა მეუფე წესს, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობაში ერთვება?


აღსანიშნავია, რომ იმავე სიუჟეტში მოყვანილია თეოლოგ ლადო ნარსიას კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ „ეპისკოპოსებისთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და პოლიტიკაში ჩართვა მიუღებელია და ეს სინოდალური გადაწყვეტილებების აშკარა დარღვევაა“.


ეს არგუმენტი „მთავარ არხს“ არაერთხელ გამოუყენებია იმ სასულიერო პირების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც არხისთვის სასურველ პოლიტიურ პოზიციას არ აჟღერებენ, თუმცა 23 თებერვალს არხმა თავად შეკრიბა მღვდელმთავრების პოლიტიკური კომენტარები და შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებას სასულიერო პირების პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი მცირე „კვლევაც“ კი წარუდგინა, რის შემდეგაც არხის ვებგვერდსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე განსაკუთრებული ყურადღება, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებზე იქნა გაკეთებული.


მანანა მჭედლიშვილი
  • 0
  • 3684
0 Comments